ლაშა ბუღაძე: ,,მე დამავიწყდა ქალები”

ლაშა ბუღაძე: ,,მე დამავიწყდა ქალები”მწერალმა ლაშა ბუღაძემ „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში „პარალელური რეალობა“ გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა და ერთი ამბავი გაიხსენა:

,,მახსოვს, დრამატურგიის კუთხით ერთ არცთუ გამართულ კონფერენციაზე აღმოვჩნდი რამდენიმე წლის წინ და სხვადასხვა თემაზე საუბრის შემდეგ, მოულოდნელად ჩემთვის საინტერესო თანამედროვე მწერლების ჩამოთვლა მთხოვეს.

მართალია, მწერლებზე შეკითხვას არ ველოდი, რადგან მანამდე, არც მეტი, არც ნაკლები, ლენინის უგვანი ბუნების შესახებ მოვუთხრობდი მისდამი თითქმის სიმპათიით განწყობილ ცნობისმოყვარე სტუდენტებს, მაგრამ ჩემთვის საინტერესო მწერლები მაინც სიამოვნებით და ენთუზიაზმით ჩამოვთვალე.

ჩამოვთვალე მათი ნიჭის მიმართ ჩემი გულწრფელი აღტაცების მიზეზით, მაგრამ უეცრად დელიკატური საყვედური – საყვედურიც არა, უფრო შეკითხვა – მივიღე ერთ-ერთი სტუდენტი გოგონასგან:

– მარტო კაცები დაასახელეთ, ქალები არ წერენ?

იმწუთას ვიფიქრე, რომ ეს სტუდენტი ჩემს საგემოვნებო სივრცეში ცდილობდა შემოჭრას და ქალი მწერლების დასახელება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ, არცთუ გულწრფელი აქტი იქნებოდა ჩემი მხრიდან.

მე მთხოვეს, რომ ჩემთვის საინტერესო თანამედროვე მწერლები ჩამომეთვალა და მეც ჩამოვთვალე… ოღონდ, დიახ, კაცი მწერლები, რადგან ასე გამოვიდა, რომ ისინი კაცები იყვნენ. ანკი ამას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, შეკითხვაც კი მივუბრუნე იმ სტუდენტს და ისე გავაგრძელე ლაპარაკი, თითქოს მე მქონდა მისთვის სასაყვედურო და არა მას ჩემთვის.

ვიფიქრე, ისევ ლენინს მივუბრუნდები-მეთქი და მივუბრუნდი კიდეც, მაგრამ გზადაგზა არჩამოთვლილ პასუხებად გამახსენდნენ ჩემთვის საინტერესო თანამედროვე ქალი მწერლები, რომლებიც რატომღაც რამდენიმე წუთის წინ არ დავასახელე…

აღმოჩნდა, რომ ჩემ მეხსიერებას (და, იმედია, არა მენტალიტეტს) პრობლემა ჰქონია ამ კუთხით: მე დამავიწყდა ქალები.

ანუ მეც კი – ჩემივე თვითაღქმით, თითქოსდა თავისუფალს პატრიარქალურ-ავტორიტარული აზროვნების ელემენტებისგან, – არ გამახსენდა არც ერთი მწერალი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ თუკი ოდნავ მაინც დავატანდი თავს ძალას, აუცილებლად გამახსენდებოდა ერთი ან ორი მაინც, რომლითაც ისევე გულწრფელად ვიქნებოდი აღტაცებული, როგორც მწერალი კაცებით.

მაგრამ არ გამახსენდა, რადგან მეც იმ მოსაწყენად ძველისძველი ჩვევის მატარებელი ვყოფილვარ, როცა რატომღაც ასეთი ბანალური ჩამონათვალის დროსაც კი შეუძლებელი ხდება ქალის გახსენება…

აი, არ გამახსენდა და მორჩა. და არა იმიტომ, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, ან მით უმეტეს, ცუდი ვარ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ კაცი გამახსენდა და არა ქალი…

თუმცა სიტყვა ,,უბრალო” სულაც არაა უბრალოდ წამოსასროლი: ამ უბრალოს უკან საუკუნეების განმავლობაში გამჯდარი ჩვევაა, მამაკაცის უპირატესობის დამაკანონებელი ბრიყვული, უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში ისტორიულად მავნე ტრადიცია, დაუსაბუთებელი და ღრმად ჩაბეტონებული “ცოდნა”, რომ “ქალებს ბევრი არც არაფერი მოეთხოვებათ”, და კიდევ ათასი ამორალური კრეტინიზმია, რითიც უკვე საუკუნეებია ქალების და კაცების ტვინებია გამოტენილი.

თანასწორობა ინტელექტუალური იდეა ყოფილა, რომელსაც ვიღაცა ადვილად აქცევს პრაქტიკად, სხვა ძნელად ან სხვაზე გვიან. როგორც დანა-ჩანგლის ხმარება გვასწავლეს ოდესღაც და შემდეგ რამდენჯერმე შეგვახსენეს, როცა ჩვეულებისამებრ თუ ინსტინქტურად ისევ თითები ვიტაკეთ პირში, ასევე უნდა ვისწავლოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ როცა თუნდაც მწერლების ჩამოთვლას გვთხოვენ, კაც მწერლებზე არანაკლებ კარგი და უკეთესი მწერალი ქალების გახსენებაც უნდა შეგვეძლოს…

აღარაფერს ვამბობ სხვაგვარ ჩამონათვალზე და თეორიულ თუ არსებულ სიებზე, განსაკუთრებით კი პოლიტიკის სფეროდან, სადაც სივრცის უმეტესობა კაცებს აქვთ დაკავებული – როგორც ბეჰემოტებს ზოოპარკის მტკნარი წყლით სავსე აუზები.

აი, ვის არ ახსენდებათ ქალები და პოლიტიკოს კაცებს! პირველობას ხომ არა და არ უთმობენ და თუკი ერთ-ორს მაინც შეარჩევენ, მხოლოდ როგორც მსუბუქად ინტელექტუალურ-სავიტრინე დანამატს, ან როგორც მსახურ-სპიკერ-რესპონდენტს. თუ ჰყავთ, ისე აიგდებენ კაცთა სამყაროში და ისე გადაფარავენ როხროხა კაცური ხმებით, რომ ქალს ან შეეზარება მათთან გამკლავება, ან სულ ყვირილ-წივილ-კივილით იქნება დაკავებული, რათა სულ ოდნავ მაინც გაისმას მისი ხმა მოღრიალე და ქალის აზრებით დაუინტერესებელი კაცების ქოროში.

შეხედეთ, რამდენი კაცია პოლიტიკურ ველზე და შეადარეთ, რა ცოტა ქალია გარშემო!

თვალი გადაავლეთ პარლამენტს, საკრებულოებს, მერიებს და ყველა იმ დაწესებულებას, სადაც გადაწყვეტილება მიიღება ან უნდა მიიღებოდეს: სულ კაცები, კაცები, კაცები, კაცები, კაცები, შავ ქურთუკებში, განიერი კისრებით, ბრაზიანები, უტიფრობაში თავდაჯერებულები და ხმაურიანები, უფუნქციოები და მაინც იქ მყოფები, სადაც საჭიროა, სულელები და იმაზე სულელები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, დიდად არაფრით გამორჩეულები (კაცობის გარდა) და სულ მთლად გამოურჩევლები, მაგრამ მაინც კაცები, ანუ კაცობის ნიშნით გამორჩეულები, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაგიდებთან, ერთმანეთზე შეწებებულები და სკამებში ჩაჭეჭყილები – სულ კაცები, კაცები, კაცები, კაცები, კაცები…

მთავარი პოლიტიკური თანამდებობები კაცებს, არამთავარი თანამდებობებიც კაცებს, რადგან კაცის ყველგან ყოფნა და არყოფნაც კი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ქალის ყოფნა ან არყოფნა, ყველგან კაცი უნდა გაგახსენდეს პირველად და თუკი ვინმე გეტყვის, სულელი კაცი რად გინდაო, ასე უპასუხებენ – სულელ ქალს ისევ სულელი კაცი ჯობიაო…

ადრე ვერ ვამჩნევდი, იდგნენ თუ არა ქალები, ვთქვათ, რაიმე უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან პრესკონფერენციაზე კაცების გვერდით – ვერ ვამჩნევდი და ეს არც მაწუხებდა, თუმცა შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რომ ეს პრობლემაა, არათუ ვერ ვამჩნევდი, არამედ გულწრფელად მაწუხებდა, რატომ არ ჩანდნენ ქალები კაცების მახლობლად, ახლა კი მიკვირს და მაბრაზებს კიდეც, როცა იქ, სადაც რაიმე გადაწყვეტილება მიიღება (ან წესით უნდა მიიღებოდეს), მარტო კაცებს ვხედავ და ქალებს კი არა, ან ათ კაცს და ერთ ქალს, ან ოც კაცს და ორ ქალს…

და ახლა ვფიქრობ, ალბათ, როგორი უტაქტო ან, საერთოდ, ველური ვეგონე იმ სტუდენტს, როცა არც ერთი ქალი არ დავუსახელე ჩამოთვლილ მწერლებს შორის. რა სამწუხაროა…”.