გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს”

გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს"საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის.

-დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება.

ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში.

ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიულად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას იმისათვის, რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება.

რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.