დათო ლიკლიკაძე: “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვიმშობიარე – გაოცებული ვარ, ჩემ თვალწინ შეიქმნა საოცარი დედა”

დათო ლიკლიკაძე: "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვიმშობიარე - გაოცებული ვარ, ჩემ თვალწინ შეიქმნა საოცარი დედა”ქუთაისელი ენაწყლიანი ჟურნალისტის, დათო ლიკლიკაძის, ცხოვრება 25 იანვარს აბსოლუტურად შეიცვალა. ამ დღეს მისი და სალი ფუტკარაძის პირველი შვილი, გოგონა, დაიბადა, რომელსაც, როგორც მომავალი მამა გვპირდებოდა, იშვიათი სახელი, ეველინი, დაარქვეს. დათოს ძალიან უნდა, მეუღლემ კიდევ აჩუქოს შვილი, სქესს კი მისთვის მნიშვნელობა ისევ არ ექნება.

– დათო, დიდი ემოციებით ელოდით შვილის დაბადებას, ამის შესახებ “სარკესთანაც” ამბობდით და ძნელი წარმოსადგენი არ არის, ახლა რას განიცდით, როცა თქვენს პატარას ხედავთ.

– ეს სასწაული შეგრძნებაა! შვილმა ყველანაირად შემცვალა, ცოტა ფრთხილიც გამხადა. ქუჩაში ორსულს ან ბავშვიან ქალს რომ დავინახავ, ჩემთვის ვილოცები თუ ვლოცავ. მინდა, რომ ყველა დედა, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ადრე ასეთი რაღაცები არ მჭირდა.

ქუჩაში ჭიანჭველასაც არ ვადგამ ფეხს, რომ მერე რამის გამო არ დავისაჯო. სულ სხვანაირი გავხდი. ვხვდები, რომ მარტო მე აღარ ვარ, მყავს შვილი, მეუღლე და უკვე ბევრ რაღაცაზე მიწევს პასუხისმგებლობა.

– შვილის დაბადებას ხომ არ დასწრებიხართ?

– თვითონ პროცესს – არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამშობიაროში ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქეთ, გვერდით, მეც ვიმშობიარე. ქმრები შვილების დაბადებას ესწრებიან, ცოლს ამხნევებენ, მაგრამ მე არ შემიძლია. განა ჩემი თავი ნერვიულობისგან დავზოგე, უბრალოდ, არაესთეტიკურიც მგონია. ეს იმდენად ინტიმურია, ალბათ ცოლ-ქმარმაც არ უნდა იცოდეს. ამიტომ მშობიარობაზე დასწრება მე თვითონ არ ჩავთვალე საჭიროდ.

– სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა?

– აბსოლუტურად – არა. სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ გოგო იქნებოდა და, როცა გავიგე, ასე იყო, ისე გამიხარდა… მაინც მგონია, რომ გოგონები მშობლებისთვის განსაკუთრებულად თბილები არიან. მიმაჩნია, რომ გოგონები, ქალები უფრო მეტად სენსიტიურები არიან მშვიდობის, სიკეთის მიმართ. მინდა, შვილი კიდევ მყავდეს და კიდევ გოგო თუ იქნება, არც ესაა პრობლემა.

– ვის ჰგავს პატარა?

– ჯერ ვერ გავარკვიეთ. მეუღლეს ვეუბნებოდი, ხომ ნამდვილად ჩვენი შვილია, არც ერთს გვგავს-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ჩვენი შვილია. მშობიარობა გადაღებული აქვთ. თან მისნაირი უზარმაზარი, შავი თმით სამშობიაროში არავინ დაბადებულა. ამ თმით მობრძანდა სახლში.

– ეველინი უცხო სახელია. ვინ შეურჩია?

– ეს სახელი ძალიან გავრცელებულია საფრანგეთშიც, იტალიაშიც და ჩემმა მეუღლემ შეურჩია, იტალიელები ძალიან ლამაზად წარმოთქვამენო.

საქართველოში უმეტესად მამაკაცები წყვეტენ, შვილს რა დაარქვან. მთელი 9 თვის განმავლობაში რასაც ვუყურე, თუ რა გაიარა ორსულობის დროს, რამდენი ტკივილი, რამდენ რამეზე თქვა უარი, რამდენი იწვალა და დღესაც რამდენი ღამისთევა უწევს… არ ვიცი, როგორ შეუძლიათ კაცებს, ცოლს უთხრან, არა, მე ეს სახელი უნდა დავარქვაო. ამაზე ჩემს მეუღლეს როგორ ვაწყენინებდი. რაც უნდა დაერქმია, ყველა სახელი მომეწონებოდა.

ვთვლი, რომ 90-95 პროცენტი შვილი დედისაა და მას აქვს უფლება, გადაწყვიტოს. ჩვენ, კაცებს, ძალიან მცირე უფლებები გვაქვს, პასუხისმგებლობა კი 50/50-ზეა, თუმცა ჩემი შვილის მიმართ პასუხისმგებლობა 100 პროცენტამდეც შემიძლია გავზარდო და ცოლს ამაში გავეჯიბრო.

– ბავშვის მოვლაში აქტიურად მონაწილეობთ?

– ჩართული ვარ, თუმცა მოვლა არ მეხერხება. უფრო მეუღლეს ვეხმარები, მაგალითად, თუკი იატაკზე წყალი დაისხმება, მოვწმენდ, რაღაცებს შევალაგ-გამოვალაგებ, რაღაცები შემიძლია მივაწოდო, რაღაცები გავაშრო, გასარეცხად მოვამზადო, წყლის ტემპერატურა დავარეგულირო. თუ უფრო მეტს ვისწავლი და ვსწავლობ კიდეც მეუღლესთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ.

სალი საოცარი დედაა. კამპანიური ტიპია, უამრავი მეგობარი ჰყავს და იმდენ რამეზე თქვა უარი, ხანდახან მეცოდება. ჩემზე ხშირად ის დადიოდა საქეიფოდ, მეგობრებთან, წვეულებებზე. ერთი წელია საერთოდ ყველაფერს ჩამოსცილდა, ოღონდ იმის გამო არა, რომ გათხოვდა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რესტორანში წასულა და მე სახლში ველოდებოდი, ამაზე პრობლემა არ მქონია, უბრალოდ საერთოდ აღარ აინტერესებს, გარეთ რა ხდება. შვილის იქით ინტერესები აღარ აქვს.

ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გვყავს და სალის არ შეუძლია ყველაფერი ჭამოს. უწიწაკო, უმარილო საჭმელები არ უყვარს, მაგრამ შვილის გამო ყველაფერზე მიდის. გაოცებული ვარ, ჩემ თვალწინ დაიბადა, შეიქმნა საოცარი დედა.

– რამე საჩუქარი თუ გაუკეთეთ ცოლს, როცა შვილი გეყოლათ?

– დავახვედრე სიურპრიზი, რაშიც ჩემი და, დისშვილები, დედაჩემი მომეხმარნენ. სახლი მოვრთეთ ბუშტებით, რაღაცები შევცვალეთ, ბავშვის სახელი გამოვჭერით… სალის ყველაფერი ძალიან მოეწონა, გაოცებული იყო.

– მოწიფულ ასაკში გახდით მამა. როგორ ფიქრობთ, ეს დაგვიანებული ასაკია თუ პირიქით, ზუსტად კარგი დროა?

– ეს დიდი სიკეთე ჩემს ცხოვრებაში მართლაც საკმაოდ ზრდასრულ ასაკში მოვიდა. სულ მეუბნებოდნენ, დაგვიანებულია, ამდენი ხანი ოჯახს რატომ არ ქმნი, შვილს რატომ არ აჩენო. ახლა ვხვდები, რომ აქამდე ამისთვის მზად არ ვიყავი.

ახლა დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს, ზუსტად ვიცი, რა მინდა, შვილს, ოჯახს რა სჭირდება. ასე რომ, დაგვიანებული არ ყოფილა, ზუსტად იმ დროს შევქმენი ოჯახი და იმ დროს მყავს შვილი, როცა ეს ჩემთვის საჭირო იყო, ამისთვის მზად ვიყავი.

– მგონია, რომ ადრეულ ასაკშიც ასეთივე ყურადღებიანი ქმარი და მამა იქნებოდით.

– ამ ყველაფერს 10 წლის წინაც სერიოზულად მოვეკიდებოდი, თუმცა ბავშვს და ოჯახს ყურადღებას მოვაკლებდი, რადგან მე ძალიან აქტიურად ვცხოვრობ. ასე თუ ისე, ბევრი რაღაც მოვასწარი, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დასრულდა. უამრავი რაღაც მაქვს კიდევ გასაკეთებელი.

უამრავი სამსახური რომ გაქვს და ფინანსურადაც კარგად ხარ, მერე ხვდები, რომ უკვე რაღაც სხვა გინდა. ეს “სხვა” კი ოჯახი და შვილი ყოფილა.

– როგორ გაზრდით თქვენს ქალიშვილს, რა თვისება გინდათ, რომ ჰქონდეს?

– ალბათ იუმორი ექნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იუმორი ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არის. იმას არ ვამბობ, ანეკდოტები უნდა მოყვეს, მაგრამ მოსწრებული პასუხი, ენაკვიმატობა კარგია. მომწონს, როცა ადამიანი ხუმრობს და, თუ არ ხუმრობს, იცინის მაინც სხვის ხუმრობაზე. ისიც არაა აუცილებელი, სულ გაცინებული დადიოდე, მაგრამ ხანდახან უნდა ხუმრობდე.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე