”82 წლის ალექსანდრა ტერუნი სოფიო გეგუჩაძემ სცემა” – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

”82 წლის ალექსანდრა ტერუნი სოფიო გეგუჩაძემ სცემა” - პოლიციამ გამოძიება დაიწყო82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს.

– მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების გარეთ გამოტანას. ამ დროს დაესხა მას თავს სოფიო გეგუჩაძე და მისი ახლობელი, რომელიც არ ვიცით ვინაა. ხელები ურტყეს, თავშიც ჩაარტყეს… ამჟამად პოლიციის მესამე განყოფილებაში ვართ და მოხუცი გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, – ამბობს ჟუჟუნა ჯიჯავაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 82 წლის ქალის სავარაუდო ცემაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობს. მან ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ბინა რამდენჯერმე გაიყიდა და საბოლოოდ იგი ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია. ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება.

ალექსანდრა ტერუნი ორი დღის წინ ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – სახლში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

ქონებრივი დავის გარდა ალექსანდრას ცემის ფაქტსაც განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბინის კანონიერი მესაკუთრის დას, სოფიო გეგუჩაძეს ედავება.

ბათუმელები

ბინიდან გამოსახლებულ 82 წლის ქალს ხელისუფლება თავშესაფარში ცხოვრებას სთავაზობს – “გამიღეთ ჭიშკარი, ნუ მაწამებთ, ნუ მკლავთ!”