“ჩემი ქმარი ისე დაქორწინდა, რომ არც გავყრილვართ”

"ჩემი ქმარი ისე დაქორწინდა, რომ არც გავყრილვართ"ჩემს ცხოვრებაზე რომ ვფიქრობ, ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია. ხანდახან მგონია, რომ სულ სხვა ადამიანებს შეემთხვათ ცუდი ამბავი და მათთან კავშირი არ მაქვს. ალბათ ეს თავის გადარჩენის ინსტინქტია, თორემ ჭკუიდან კი არ გადავსულვარ.

რაიონში დავიბადე და გავიზარდე და იქვე გავთხოვდი. ჩემი მომავალი ქმარი და მე ერთ სკოლაში ვსწავლობდით. რომ იტყვიან, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთიმეორის შესახებ ყველაფერი ვიცით.

სკოლა რომ დავამთავრეთ, სიყვარული მაშინ მოვიდა. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ ცხოვრების თანამგზავრად ის ამერჩია, მაგრამ არავის დავუჯერე. ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, თქვენ იმიტომ იწუნებთ, რომ შეძლებული არ არის, მაგრამ მისი ფული საერთოდ არ მაინტერესებს-მეთქი.

ვიქორწინეთ და ორი შვილიც გვეყოლა. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარი იყო, პირიქით, ყოველთვის ყურადღებით მექცეოდა, შვილების გაზრდაში მეხმარებოდა, თბილი და მოსიყვარულე მამა იყო.

უამრავი გაჭირვება გადავიტანეთ, მაგრამ ვუძლებდი. ჩემთვის მთავარი ოჯახის სიმტკიცე იყო. წუწუნი რომ დამეწყო და ქმრისთვის მოთხოვნები წამეყენებინა, აზრი არ ჰქონდა, რადგან შრომა არ ეზარებოდა, თუკი სამუშაო გამოუჩნდებოდა.

ერთი წლის წინ რუსთავში გამოუჩნდა სუმუშაო და წავიდა. თავიდან ხშირად ჩამოდიოდა სახლში, მაგრამ მერე სამ თვეში ერთხელ თუ მოგვიკითხავდა. მის ამ საქციელში საეჭვო არაფერი დამინახავს, რადგან ჩვენ დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობთ და მართლაც შორი მანძილი ჰქონდა გამოსავლელი, ძალიან იღლებოდა. ხელს ვუწყობდი, აქედან ველოლიავებოდი, ოღონდ კარგად იყავი და ჩვენს თავს მივხედავთ-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ თვითონაც კარგად მიხედა თავის თავს. რუსთავში ვიღაც ქალი ნახა და მასზე დაქორწინდა. ქორწილამდე ორი კვირით ადრე ჩემი მაზლი მოვიდა და მითხრა, ჩემმა ძმამ ასეთი რაღაც გააკეთაო.

წარმოიდგინეთ, ისე დაქორწინდა, რომ არც გავყრილვართ. ჯერ ისტერიკული ტირილი ამივარდა, მერე ისტერიკული სიცილი, შემდეგ კი საერთოდ მოვწყდი, ძალა გამომელია. ახლაც არ ვარ კარგად, ნერვიულობამ ჯანმრთელობა გამინადგურა. მეშინია, ბავშვები არ დავაობლო და სულ უპატრონოდ არ დავტოვო.

ბავშვებს უფლებას არ ვაძლევ, მამას დაეკონტაქტონ, რადგან ვთვლი, რომ ამის ღირსი არ არის. იმ ქალს ჰყავს შვილი და მას ელოლიავოს, მას მიხედოს, ჩვენკენ გამოხედვის უფლებას კი არ მივცემ.

ვცდილობ, თავი გადავირჩინო, როგორღაც “გადავხარშო” ეს ამბავი. ყველანი გვერდით მიდგანან, და, ძმები, მშობლები მამხნევებენ. რაც მთავარია, ვიცი, უფალი არ დამტოვებს და ჩემს ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

“სარკის” ერთგული მკითხველი