,,უკიდურესად გულისამაჩუყებელ ისტორიას გიამბობთ, მთავარი გმირები ჩემი პაციენტი და მისი მეუღლე არიან” – წერს კონსტანტინე კობალაძე

,,უკიდურესად გულისამაჩუყებელ ისტორიას გიამბობთ, მთავარი გმირები ჩემი პაციენტი და მისი მეუღლე არიან” - წერს კონსტანტინე კობალაძეუროლოგი კონსტანტინე კობალაძე თავისი სამედიცინო პრაქტიკიდან ერთ საოცარ ისტორიას იხსენებს.

,,ამ პოსტში უკიდურესად გულისამაჩუყებელ ისტორიას გიამბობთ. მთავარი გმირები ჩემი პაციენტი და მისი მშვენიერი მეუღლე არიან.

ამბავი ოთხი წლის წინ, თვალებში ჩახედვითა და სასიყვარულო სიმების გაბმით დაიწყო. მალევე დაქორწინდნენ. მათი ოჯახური ცხოვრების ყოველი დღე სავსე იყო სითბოთი და მშვენებით, ხვავითა და ბარაქით, სიყვარულითა და ბედნიერებით. წელში გაიმართნენ, გაძლიერდნენ და ქორწინებიდან ხუთი თვის თავზე გადაწყვიტეს, რომ მათ ტკბილ ოჯახს პატარა წევრი უნდა შეჰმატებოდა.
და აი, აქ დაიწყო მათი პრობლემები. ვერაფრით მიაღწიეს სანუკვარ მიზანს. გადიოდა თვეები, წლები, ურთიერთობა კი იძაბებოდა. არც მათი გარემოცვა აკლებდა ცეცხლზე ნავთის დასხმას: „რატომ გაყევი მაგ უნაყოფოს?!“ „რატომ მოიყვანე ქალი ასეთი პრობლემით?!“…

ამ შეტევების ფონზე, მათ ურთიერთობაში ახალ-ახალი ბზარები ჩნდებოდა. ჩემი პაციენტი ალკოჰოლს მიეძალა. ექიმთან მისვლა ორივეს ეშინოდა, რადგან ღიად ორივე ერთმანეთს ადანაშაულებდა, გულში კი შიშობდნენ, რომ თავად მათში არ აღმოჩენილიყო პრობლემის სათავე. ბოლოს მაინც გონებამ და თბილმა გრძნობებმა სძლია სიბნელესა და უვიცობას. მათ ექიმთან წასვლა გადაწყვიტეს.
ჩემი ორშაბათი დილა მათი ვიზიტით დაიწყო. მართალი გითხრათ, უნაყოფობა ერთ-ერთი სერიოზული და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.

საქმეს მასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეც ახლავს, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანია თავს არიდებს ამ სიტუაციაში პაციენტის დახმარებას. არაკომპეტენტური ექიმები და ექიმბაშებიც ხშირად აფუჭებენ საქმეს. როგორც გაირკვა, ეს მშვენიერი წყვილიც ერთი წელიწადი ამაოდ ცდილობდა თავისი პრობლემის მოგვარებას.
უპირველეს ყოვლისა, სადიაგნოსტიკო ეტაპი დავგეგმეთ. სწორი კლინიკური დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ამ ეტაპის გავლა. მკურნალობა ეფექტიანი მაშინ არის, როდესაც ის ანამნეზს (პაციენტის ისტორია), გასინჯვასა და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ეფუძნება.

ჩემი პაციენტის მეუღლე სანდო კოლეგა-გინეკოლოგთან გადავამისამართე. დიაგნოსტიკის შედეგად მას ბაქტერიული ვაგინიტი დაუდგინდა. აი, ჩემს პაციენტს კი ვარიკოცელე აღმოაჩნდა, გარდა ამისა, სპერმაში ასტენო-ტერატოზოოსპერმია (მოძრავი და ნორმალური ფორმის სპერმატოზოიდების სიმცირე) გამოვლინდა, ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად კი E. coli-ის ინტენსიური ზრდით გამოწვეული ბაქტერიული პროსტატიტი დადგინდა.

მე და ჩემმა კოლეგამ განვსაზღვრეთ ტაქტიკა და პირველ ეტაპზე ანთების წინააღმდეგ სათანადო მკურნალობა დავიწყეთ. მალე დადებით დინამიკასაც მივაღწიეთ. კლინიკური სურათი გაუმჯობესდა, თუმცაღა, სპერმაში ვითარება ისევ პრობლემური იყო – მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმის ქვედა ზღვარს ვერ ასცდა.
ვარიკოცელეს გამო ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. პაციენტს ავუხსენი, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც არსებობდა ალბათობა, რომ კლინიკური სურათი არ გაუმჯობესებულიყო, რადგან, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არის საკმარისად განსაზღვრული ვარიკოცელესა და მამაკაცის უშვილობის დამაკავშირებელი კლინიკური ფაქტორები. პაციენტი მაინც დაგვთანხმდა და ოპერაციამც კარგად ჩაიარა.
სამი თვის შემდეგ საკონტროლო კვლევა ჩავატარეთ და ჩვენი პაციენტის სპერმოგრამის გაუმჯობესებულმა შედეგებმა ოთხივე ძალზე გაგვახარა. გინეკოლოგმა მის მეუღლეს ოვულაციის დღეების გამოთვლა ასწავლა. ასე გავიდა კიდევ ორი თვე, და აი! ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა!

ჩემი პაციენტი ამით არ დაკმაყოფილდა და შედეგის დასადასტურებლად თითქმის ყველა ფარმაკოლოგიური ფირმის ტესტი იყიდა აფთიაქში. პასუხი ყველა შემთხვევაში დადებითი იყო. მალე თავისი შვილის გულისცემაც მოისმინა. ეს ყველაზე მშვენიერი ჰანგიაო, – აღნიშნავდა გაბადრული!
ჩემი კოლეგა საკუთარი შვილივით უვლიდა მის მეუღლეს. ვიზიტზე ყოველკვირეულად იბარებდა. ორსულობა მწვავე პრობლემების გარეშე მიმდინარეობდა.
დილა… 5 საათი… „გაიჭინთე! გაიჭინთე! გაიჭინთე! ასე! კარგია! მოდი, ჩემო პატარავ!..“ და შემდეგ ახალშობილის ტირილის ხმა!..
თბილისში კიდევ ერთხელ მოხდა დიდებული და ამასთანავე პაწაწინა სასწაული – ბავშვი დაიბადა!…
დასასრულს, მინდა გისურვოთ მრავალი ასეთი დიდებული და ამასთანავე პაწაწინა სასწაული თქვენ და სრულიად საქართველოს!”, – წერს კონსტანტინე კობალაძე.