რას სწავლობს ნინო კასრაძე ნანა ფაჩუაშვილისგან

რას სწავლობს ნინო კასრაძე ნანა ფაჩუაშვილისგანრუსთაველის თეატრის სხვადასხვა თაობის ორი შეუდარებელი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილისა და ნინო კასრაძის, მეგობრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ისინი ერთ ენაზე საუბრობენ, ერთმანეთს ყველაფერში უგებენ, რადგან ორივემ ზუსტად იცის, რას განიცდის მსახიობი სცენაზე თუ სცენის მიღმა. და მთავარი – ორივეს აერთიანებს თეატრის უკიდეგანო სიყვარული და ერთგულება.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ერთმანეთზე?

ნანა: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნინოს მშობლებს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, მსახიობი, კარგად აღზრდილი შვილი ჰყავთ. ცოტა შესაშურია ჩემი თაობისათვის, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ამდენი შესაძლებლობა, ნინომ ეს ყველაფერი საშრობივით შეისრუტა და საოცარ აქტრისად (მომწონს ეს სიტყვა) ჩამოყალიბდა.

სულ პირველად, ნინო რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, თეატრალურმა საზოგადოებამ მას და ზაზა პაპუაშვილს შეხვედრა მოუწყო, როგორც ორ ამომავალ ვარსკვლავს და მართლა წავიდა მათი საქმე საოცრად რუსთაველის თეატრში. მაშინაც გულწრფელი ვიყავი მის მიმართ და, იცით, რატომ? მისი ყველაფერი მომწონდა. კიდევ კარგი, რომ იმედები არ გამიცრუა.

უფრო გაღრმავდა ჩვენი მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობა. ერთ ოთახში ვსხედვართ, ხშირად ერთად ვთამაშობთ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რა გვტკივა, რა გვინდა. მისი პროფესიონალიზმი მხიბლავს. ჩვენ, ორივე, რუსთაველის თეატრის ერთგულნი ვართ და ვფიქრობ, თეატრი აფასებს ამას.

ნინო: ქალბატონმა ნანამ როგორც დამახასიათა, ეს, პირველ რიგში, მას ახასიათებს. როცა მსახიობს შეუძლია მეორე მსახიობზე ისაუბროს და მისი პლუსები წარმოაჩინოს, ეს, პირველ რიგში, მის სიკეთეზე, ნიჭიერებაზე მეტყველებს.

თითქმის არავინ გვეკითხება პროფესიაზე. გარდა ჩვენი საქმისა, ყველაფერზე გვისვამენ შეკითხვას – შვილებზე, ოჯახზე, ვარცხნილობაზე, ფრჩხილებზე… ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რას გადის მსახიობი ქალი ამ პროფესიაში, რას ნიშნავს, იყო მსახიობი, არავის აინტერესებს. მადლობა, ქალბატონო ნანა, შექებისთვის! საუბრის ბოლომდე ერთმანეთის შექებას ვერ ავცდებით.

– რადგან ასეა, დაგისვამთ კითხვას და გვიამბეთ – რა სიძნელეებს გადის ქალი ამ პროფესიაში?

ნინო: როდესაც მსახიობობას ვიწყებდი, წარმოდგენა არ მქონდა, რასთან იყო კავშირში. დეიდაჩემს ჰქონდა “პოლსკი ეკრანი” (ჟურნალი “პოლონური ეკრანი”), ახალგაზრდები ვერც მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. ამ გამოცემას რომ ვფურცლავდი, იქ იყო სოფი ლორენის, ბელა მირიანაშვილის ფოტოები ლამაზ-ლამაზი კაბებით. ამას რომ ვათვალიერებდი, სიცხე მიწევდა. ამან გადამაწყვეტინა მსახიობობა, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა. რა იყო იმის მიღმა, წარმოდგენაც არ მქონდა.

ნანა: მსახიობობა ხიბლია, გგონია, რომ არაჩვეულებრივი რამ არის, ვარდისფერ ფერებშია ეს ყველაფერი. ჩემს ქალიშვილსაც ასე ეგონა და მე და ტრისტანმა (ქალბატონი ნანას მეუღლე, აწ გარდაცვლილი მსახიობი ტრისტან ყველაიძე. ავტ.) ჩავუკალით ეს სურვილი.

იმდენად რთულია ეს საქმე, იმდენად ხშირია გულისტკენა, მოგსპობს, გაგანადგურებს. და ეს ყველაფერი უნდა გადაიტანო. თუ არ გაქვს ამის გადატანის უნარი, მაშინ დაიჩაგრები. ბრძოლისუნარიანი უნდა იყო.

ნინო: ჩვენ ხშირად ვმუშაობდით ერთ სპექტაკლზე. ერთხელ ნანა რაღაცას მიყვებოდა და ცრემლი წამოუვიდა. ვუთხარი, ქალბატონო ნანა, არ ინერვიულოთ-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა, ნინაჩკა, ბევრი რამე გადამიტანია და ამასაც გადავიტანო. პირველ რიგში, მსახიობს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობა, მებრძოლი სული, რაც აქვს ჩვენს ნანას.

ნანა: და მოთმინება.

ნინო: ეგ აუცილებლად. ცოტა სასაცილო ამბავს მოგიყვებით. მე და ნანა როცა ერთად ვართ, სულ ვლაპარაკობთ, გაუჩერებლად. ზაზა პაპუაშვილმა დაიწყო “დარისპანის გასაჭირის” დადგმა. რომ დაინახა ჩვენი სახით დაუძლეველი პრობლემა, პირველკლასელი ბავშვებივით გადაგვსვა სხვადასხვა ადგილზე და გვითხრა, ნანა, შენ იქ დაჯექი და, ნინო, შენ იქო.

შეიძლება ხშირად ერთმანეთს ვერ დავურეკოთ, მაგრამ ერთად როცა ვართ, უამრავ თემაზე ვსაუბრობთ. უნიკალური თვისებები, რომლებიც უნდა ჰქონდეს მსახიობს, მე ნანამ დამანახა.

– მაგალითად?

ნინო: საოცარი მიზანმიმართულობა, შეუდრეკელობა და სურვილი, რომ ყველაფერი შეათანხმოს ერთმანეთთან, ყველა შეარიგოს.

ნანა: ახალგაზრდობაში არ ვიყავი ასეთი, ახლა გავხდი.

ნინო: ამპლუა შეგიცვლია… ნანასგან, იცით, რა ვისწავლე? როცა ახალგაზრდას რაღაც უჭირს, შია, ფული არ აქვს, დასტრესილი სახე აქვს, უნდა მოუხერხოს ყველაფერი. ზედმეტად ყურადღებიანია. ეს ზრუნვა სხვა მსახიობებზე ნანასგან გამიჩნდა.

ნანა: მე კი ეს წინა თაობამ მასწავლა. ეს მასწავლა მედეა ჩახავამ, ნაწილობრივ – სალომე ყანჩელმა. მედიკომ მასწავლა ის ადამიანური ღირსებები, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ვერც მივბაძავ მედეა ჩახავას, ის იმდენად უნიკალური პიროვნება იყო.

– როდის ამბობთ როლზე უარს ან ოდესმე გითქვამთ?

ნანა: მე უფრო მჭირდება თეატრი, ვიდრე თეატრს მე – ასეთი დევიზით ვცხოვრობ. თუ ამ ლოზუნგით იცხოვრებ, დიდხანს იქნები თეატრში, როგორც მე ვარ და ნინოც. ჩემი თაობიდან მარტო ვარ. მე და ჟანრი ლოლაშვილი თანატოლები ვართ. მარტო ვარ და ეს ძალიან ცუდია. რატომ ვარ მარტო? ამბიციური არ უნდა იყო, იქაურ კანონებს უნდა დაემორჩილო. ასე არ არის, ნინო?

ყოფილა სპექტაკლები, რომლებშიც თამაში არც მე მნდომია და არც – ნინოს. არ ყოფილა ჩემი როლი, მაგრამ კანონებს დავემორჩილე. თეატრი მსხვერპლს მოითხოვს.

ნინოც ასეთია, თავდაუზოგავად მუშაობს, რომ შედეგი მიიღოს, ამიტომ ვაფასებ ამ არტისტს. ეს არანორმალურია ამ მხრივ, ალბათ მეც. ყოველ შემთხვევაში, ვიყავი.

ნინო: შემოთავაზებებზე უმრავლესად უარს ვამბობდი, მაგრამ არაფერზე მინანია, ერთი-ორი პროექტის გარდა. დღეს უკვე საშიშია როლებზე უარის თქმა, არა და არც იქნები არსად. უარს ვამბობდი იმიტომ, რომ გავზრდილიყავი, გავემდიდრებინე ამა თუ იმ როლს. ზოგი გიყენებს, ზოგს შენ იყენებ, არ გინდა, რომ სულ გამოყენებული იყო და ამიტომ ამბობ უარს.

ერთხელ ნანამ მითხრა, ახალგაზრდობაში ზუგდიდში გამიშვესო.

ნანა: სტურუამ მიიწვია.

ნინო: წავიდა და წლის საუკეთესო როლისთვის ჯილდო აიღო. ნანა პროტაგონისტი იყო ყოველთვის.

ნანა: მე რკინის ლედი ვარ.

ნინო: ასეა ნამდვილად.

– საოცნებო როლები გაქვთ?

ნანა: არასდროს მიოცნებია და, იცით, რატომ? ოცნების უფლება არც მქონდა. ჩვენ, მსახიობებს, ყოველთვის გვაძლევენ როლს და გვმართავენ. ის საიდუმლოებები ჩემთან დარჩეს, ალბათ იმქვეყნად წავიღებ.

ნინო: ასეა, მაგრამ მგონია, რომ უნდა შეიცვალოს ეს.

ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, რომ ორი პიესა ვთხოვე სტურუას და ორივე დაიდგა. ორი თვის წინაც მითხრა რობიკომ, თუ გინდა რამის თამაში, მითხარიო.

ნინო: უარიც ხომ გითქვამთ? მარლენ დიტრიხის თამაში შემოგთავაზათ რობიკომ და უარი უთხარით.

ნანა: შიში მქონდა.

ნინო: კარგი, რა, ქალბატონო ნანა! შიშის დაძლევა თქვენ მასწავლეთ.

– ერთად ბევრჯერ გითამაშიათ? თქვენი ტანდემი ძალიან საინტერესო იქნება.

ნანა: ასეა. რომელი ერთი გავიხსენო? “დარისპანის გასაჭირი”, “მარგრიტის შემდეგ”. “დარისპანში” ვითამაშე პელაგია, კოჭლი. ნინოს გვერდით როგორ შეიძლება ვითამაშო ლამაზი, კარგი ქალი?! მის გვერდით მხოლოდ ჩემი ოსტატობით, “სიმახინჯით” თუ გავალ ფონს. “მარგრიტშიც” გავიბერე, ჩამოვატანინე რეჟისორს ისეთი ნიღაბი, რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის თვითონ მეშინოდა.

ნინო: თქვენ შეუდარებელი ხართ, ნუ ამბობთ ასე!

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე