ნინი წიკლაური: “ეს ყველაზე დიდი შიში იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია…”

ნინი წიკლაური: "ეს ყველაზე დიდი შიში იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია..."მომღერალ ნინი წიკლაურის შვილი საბა ერთი წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად ნინიმ ბიჭს პატარა საჯარო წერილი დაუწერა და ის რთული პერიოდი გაიხსენა, რომელიც ახლდა ბავშვის დაბადებას:
“საბას…
მთელი საღამოა ვფიქრობ, როგორ მვულოცო საბას დაბადების დღე… წარმოდგენაც მიჭირს, შარშან ამ დროს რამხელა განცდებში ვიყავი. ამხელა უცხო ქვეყანაში, დედაჩემის, ლიანას, ლიკას და თემოს გარეშე… ვიწექი უცნაურ პალატაში და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვხედავდი უამრავ ანერვიულებულ ექიმს, რომლებიც თავს დამტრიალებდნენ და ჩემთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით საუბრობდნენ. მეშინოდა ისე, როგორც არასდროს. ეს ყველაზე დიდი შიში იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია. გული ისე გამალებით მიცემდა, ლამის ლოგინიდან გადმოვეგდე. ნახევრად გახელილი თვალებით ჭერში ვიყურებოდი და ვლოცულობდი ძალიან სწრაფად, რომ თითქოს მომესწრო ლოცვა… ღმერთს ვევედრებოდი რაღაცას, ახლა რომ ვფიქრობ, არც ვიცი რას… გადარჩენას, ამ ყოველივეს მალე დასრულებას, თუ უბრალოდ არაფერს… და ეს არაფერი ის ყველაფერი იყო, რაც დღეს ამ ჩანაწერს მაკეთებინებს.
მაშინ, ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენილი და გააზრებული, თუ ვის დაბადებას ველოდებოდი. მახსოვს, ზუსტად ჩემი ლოგინის პირდაპირ კედელზე უზარმაზარი საათი ეკიდა, მიშტერებული იქაც ვითვლიდი დროს და საათის მატებასთან ერთად, ნერვიულობაც უფრო და უფრო მემატებოდა. ვნატრობდი დედას ყველაზე მეტად და ამ წუთას, როცა ამ ჩანაწერს ვაკეთებ, იგივენაირად ვნატრობ მას… თან ვტიროდი და თან სიამაყით ვამბობდი, რომ მე, ნინი წიკლაურმა შევძელი შეუძლებელი, მაგრამ ამ ყველაფერს ის ნერვიული ფონი აბათილებდა, რაც ჩემს რთულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ახლდა თან. რამდენიმეჯერ ტელეფონის სარკისებურ ეკრანს მოვკარი თვალი და მალევე გავწიე… საშინლად გამოვიყურებოდი. დასიება სხეულიდან თავამდე ისე ადიოდა, მეგონა გავსკდებოდი. ყველაზე მეტად მთრგუნავდა ჩემი გარეგნობა, რომელიც თითქოს ზუსტად იმ წუთას დამძიმდა, როცა ტელეფონის ეკრანზე მოვკარი თვალი. მერე ეს ყველაფერი გაჩერდა… ჩამძინებია…

რამდენიმე წუთში განგაშის ხმამ გამაღვიძა, ვიღაცა ლოგინზე შეჯანჯღარებით ცდილობდა ჩემს გამოღვიძებას და თან ძალიან ჩქარობდა, ამასობაში ფეხებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი და წელს ქვევით ჩემი სხეული უკვე გაყინული იყო. გავახილე ძლივს თვალები და ჩემი თავის მაღლა დაახლოებით 10-12 ექიმის შეშინებული სახე მედგა და ამ სახეებს შორის, ძალიან პატარა ჭუჭრუტანიდან ჩემი ოთოს და ელეს ისევე შეშინებულ სახეებს ვხედავდი. მეც ნამძინარევი და კარგად გვარიანად წამალშეპარული ხმით ვეკითხებოდი რა ხდებათქო… ისინი მაინც რაღაცას აღელვებული ტონით ბჭობდნენ, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ლოგინს მოკიდა ხელი და გამაქროლეს რაღაცნაირ განათებებიან ოთახში. მხოლოდ ფილმებში რომ მინახავს და სულ რომ მეშინოდა. აი, ზუსტად იმ დიდ განათებას რომ ავხედე, მრგვალ, ძალიან ღრმა სივრცეში შევედი… იქ საკმაოდ დიდი ხანი დავყავი და სიმართლე გითხრათ, მაგ სამყაროს არსებობის შესახებ არასოდეს მსმენია. დავდიოდი იქამდე, სანამ შორიდან ბავშვის წაწკმუტუნება არ გავიგე და იმ წამსვე დავტოვე არსებული სამყარო.

თვალი ოდნავ გავახილე და ჩემს ყელთან სულ ახალთ-ახალი არსება გაჩნდა. ეს ნამდვილად ახალი, რეალური სამყარო იყო,რომელიც იმ სამყაროს მსგავსად არასოდეს მინახავს. ის სუნთქავდა, ძალიან ცხელი იყო და თითქოს მკოცნიდა. აბსოლუტურად შეუცნობადია ის გრძნობა, რომელიც იმ წამს დამეუფლა, მის დანახვაზე. სისულელე იქნება, რომ დავიწყო სიტყვების მოძებნა ამის ასაღწერად. იმ წუთასაც ავხედე ისევ ჩემს წინ კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ საათს და დილის 9-ს აჩვენებდა. ეს დრო იყო ზუსტად ბედნიერების ათვლის საწყისი…
რამდენიმე წუთში ის აიყვანა ექიმმა და გასული დაძაბული საათების მერე, პირველად ვნახე ექიმების არმია გაღიმებული. მათ შეძლეს ყველაფერი, საბას დაცემული გულისცემა უკვე აღმოფხვრილი ჰქონდათ და ის უწინდებურად გამალებით ცემდა.

დღეს ზუსტად 23 მარტია, 9:00 AM და ამ ბიჭის, ახალი სამყაროს გამომგონებლის, საბა სემ-ის დაბადების დღე.
დეე, შენი დაბადების დღე ჩემთვის უკვე ყველაზე დიდ დღესასწაულად იქცა. სისულელე იქნება ვეძიო სიტყვები, რომლითაც სიყვარულს აგიხსნი ან უბრალოდ მოგილოცავ დაბადების დღეს. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე შეუფასებელი. იმ სხვა სამყაროს გამომგონებელი, სადაც მუდამ სიხარულია, ღიმილია, ბედნიერებაა… ღმერთს ვთხოვ, რომ მთელი ცხოვრება ამ სამყაროში ცხოვრობდე, ბედნიერი და ლაღი, ძალიან ჯანმრთელი, რომ ყველა გარშემო მყოფნი გაგვაბედნიერო. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იქნები, გეყვარება ყველა და არასოდეს არავის ატკენ გულს. შენი ყველაზე ღრმა თვალებიდან ვხვდები ამას და არ ვცდები.

მიყვარხარ უზომოდ და ღმერთმა მთელი სამყაროს სიყვარული თითქოს შენით გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ჩემი პატარა წერილია შენთვის დეე, და დანარჩენს, რასაც ვერასოდეს ვერ დავწერ, ყურში გეტყვი დღეს და როცა შენი პატარა თითებით თვალებზე მომეფერები და გულზე მომეკრობი, მაშინ…
03.23.2018”

მშობლები