“მოძალადე სიძისგან თავის დახსნა მინდა”

"მოძალადე სიძისგან თავის დახსნა მინდა"ძალიან უსუსური ვარ იმ პრობლემასთან, რომელიც დღეს ჩვენს ოჯახში ტრიალებს. ჩემი დის ქმარმა მთელი ოჯახი დაგვიბრიყვა, ვერც თავიდან ვიშორებთ და არც თავისი ნებით მიდის.

ჩემთვის ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დანაშაულის შეგრძნება მტანჯავს. თავის დროზე ჩემს დას სწორედ მე ვურჩიე, რომ ცოლად ამ ადამიანს გაჰყოლოდა. მომავალი სიძე სამსახურში გავიცანი. იცით, თავიდან როგორი იყო? იფიქრებდით, ჭიასაც არ დაადგამს ფეხსო. კულტურული, ზრდილობიანი ბიჭი ჩანდა, გარეგნობითაც გამოირჩეოდა.

მე გასათხოვარი ვიყავი, 40 წელს გადაცილებული. კარგად ვიცოდი, რას ნიშნავს, როცა ქალი მარტოა. ამიტომ არ მინდოდა, ჩემი ბედი დასაც გაეზიარებინა, ვოცნებობდი, მის გვერდით კარგი მამაკაცი ყოფილიყო.

დის და დედის მეტი არავინ მყავს ამქვეყნად და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ავწონ-დავწონიდი ყველაფერს, რომ ცუდი ადამიანი არ შემომეშვა სახლში, მაგრამ მაინც მოვტყუვდი. როგორც ჩანს, ბედისწერა თვალებს გვიბრმავებს, რომ ცუდი ვერ დავინახოთ და მოხდეს ის, რაც მოსახდენია.

ჩემი და 33 წლის იყო. სულ ვუჩიჩინებდი, რომ მარტო არ უნდა დარჩენილიყო და ვინმე ეპოვა, მაგრამ ძალიან პასიურობდა. იყვნენ მაჭანკლები, რომლებიც ვიღაცებს ურიგებდნენ, მაგრამ ყველაზე უარს ამბობდა.

ჩემი თანამშრომელი კი მაშინვე მოეწონა. ბევრი ვეცადე, რომ მასაც მოსწონებოდა ჩემი და. დავუახლოვდი, შეხვედრებს ვუწყობდი და ა.შ. როგორც იქნა, საწადელს მივაღწიე და დავაქორწინე.

ქორწილის დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. ვფიქრობდი, რომ მამის სულის წინაშეც პირნათელი ვიყავი, რადგან მის საყვარელ უმცროს ქალიშვილს ვუპატრონე, არადა თურმე ჯოჯოხეთში ჩავაგდე…

სიძემ თავისი რეალური სახე რამდენიმე თვეში გამოავლინა. ჩემი და ჯერ სახლში გამოკეტა, მერე კი ცემა დაუწყო. დიდხანს არ ვიცოდი, რა დღეში აგდებდა, მაგრამ ჩემი და როდემდე დამალავდა? ერთ დღეს სახეზე სილურჯეები შევნიშნე, ნამტირალევი თვალებიც ჰქონდა და მივხვდი, რომ ჩვენს თავს ცუდი რაღაც ხდებოდა.

მაშინვე დავაპირე შეცდომის გამოსწორება, დას ვუთხარი, ახლავე სახლში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ ქმარმა არ გამოუშვა. წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მეც მცემა.

მას შემდეგ სულ ასეთ ჭიდაობაში ვართ. შვილებიც გაუჩნდათ. იყო პერიოდი, როცა თითქოს ოჯახისკენ იბრუნა პირი, აღარ სვამდა, ცოლზე აღარ ძალადობდა, მაგრამ მერე ისევ დაიწყო.

ზოგჯერ პოლიციის დახმარებით ვაგდებთ სახლიდან, ზოგჯერ – მეზობლების და ნათესავების, მაგრამ მაინც არ გვშორდება. ეს არის ჭირი, რომელიც ვერ მოვიშორეთ. ახლა არც მუშაობს და გვავალდებულებს, რომ ისიც და მისი შვილებიც ვარჩინოთ, ოღონდ იმას არ კითხულობს, როგორ. ჩემს დას სამუშაოდ არ უშვებს იმიტომ, რომ პათოლოგიურად ეჭვიანია, გამოდის, რომ მე მავალდებულებს, ოჯახი შევინახო.

წინააღმდეგობა რომ გავუწიო, რა გამოვა, დედას, დას და დისშვილებს მშივრებს ხომ ვერ დავტოვებ?

ვეღარაფერზე ვფიქრობ. ძალიან უსუსური გავხდი, ჩემი მოძალადე სიძის მუქარებს, მის საქციელს ვეღარ ვიტან, მაგრამ ვერც იმას ვახერხებ, რამე შევცვალო და მისგან თავი დავიხსნა.

ყველაზე მეტად კი იმაზე ვნერვიულობ, რომ ჩემს მოხუც დედას სიბერე გავუმწარე.

“სარკის” ერთგული მკითხველი