ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლას აპირებდა – მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, მერე შვილსა და რძალს ესროლა

ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლას აპირებდა - მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, მერე შვილსა და რძალს ესროლამცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მომხდარმა ოჯახურმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 54 წლის გიორგი ოკინაშვილმა სანადირო თოფით მეუღლე და 21 წლის რძალი სასიკვდილოდ დაჭრა, ასევე მძიმედ დაჭრა ერთადერთი ვაჟი – შაკო. როგორც ამბობენ, ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა პატარა ბიჭუნა ნათესავმა სამშვიდობოს გამოიყვანა. თურმე, მან იმ მამაკაცის მისამართითაც გაისროლა, რომელსაც პატარა ჩახუტებული ჰყავდა და სახლიდან გაჰყავდა. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.
ამ ტრაგედიიდან სულ მალე გიორგი ოკინაშვილი დააკავეს. სამართალდამცავებს ბრალდებულის ჩვენება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ და არც ის არის ცნობილი, რეალურად რა მოხდა ოკინაშვილების ოჯახში, მაგრამ ფაქტია, მას უმძიმესი ბრალდებით მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და გამოტანილ განაჩენზე მძიმე, ალბათ, საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელის სახელის ტარება იქნება.
არც ის არის ცნობილი, ბრალდებული ფსიქიკურად შეურაცხადია თუ არა. ბუნებრივია, ეს საკითხიც ექსპერტიზით გაირკვევა. დაჭრილები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ არც ბრალდებულის მეუღლის, მთვარისას გადარჩენა მოხერხდა და არც მათი 21 წლის რძლის. ეკა ტეტოშვილს ზურგის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გოგონას მამამთილმა მაშინ ესროლა, როცა იგი გააფთრებული მოძალადისგან მიმალვას ცდილობდა. ფეხის არეშია დაჭრილი ბრალდებულის ვაჟი – შაკო, მას ოპერაცია გაუკეთდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის მოხდა, შემდეგ კი მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, მერე სროლის ხმაზე ოთახიდან გამოსულ შვილსა და რძალს ესროლა. ამ ვერსიისგან განსხვავებულია შვილის მონათხრობი: შაკო ოკინაშვილის მტკიცებით, მთვრალი მამა მას წაეკამათა და პირველად მას ესროლა, შემდეგ კი ხმაურზე მათთან მისული რძალი და ცოლიც არ დაინდო. ოკინაშვილების ოჯახში მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია ყოფილა. თურმე, ხან მამა-შვილი ჩხუბობდა, ხან დედა-შვილი, ხან რძალ-დედამთილს შორის იყო უსიამოვნება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა. 
დავით ექიზაშვილი, გარდაცვლილი გოგონას ბიძა:

– ამ თვეში ეკა 22 წლის გახდებოდა, მაგრამ არ დასცალდა. ძალიან კარგი გოგო იყო – შრომისმოყვარე, მოსიყვარულე… რეალურად რა მოხდა, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტები ხშირად იყო.

ყველაფერი გამთენიისას მოხდა. თურმე, მკვლელი სახლში ცხენით დაბრუნებულა. ის მწყემსია და ფერმაში ყოფილა. მხარზე სანადირო თოფი ჰქონია გადაკიდებული. შაკო ამბობს, მთვრალი იყოო. იმ დღეს მათ შორის მორიგი კონფლიქტი მომხდარა. მერე მამამ ჯერ შვილს ესროლა, შემდეგ – ეკას.

შაკო ამბობს, გასროლის ხმაზე ეკა საძინებელი ოთახიდან პერანგის ამარა გამოვარდა. მას ვუთხარი: ჩქარა, გაიქეცი, თავს უშველე-მეთქი, მაგრამ ეკამ გაქცევა ვერ მოასწრო, ზურგში ორი ტყვია დაახალაო. ამის მერე ცოლიც სასიკვდილოდ დაჭრა. პატარა ბავშვის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ახლობელმა ბიჭმა გადაარჩინა. 
– თუ იცით, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

– ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეკა ოჯახში არსებულ კონფლიქტზე ხმამაღლა არ საუბრობდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ეს პატარა გოგო ბევრ რამეს მალავდა. თურმე, ერთ-ერთი ახლობლისთვის ისიც უთქვამს: იქიდან გამოპარვის მეშინია. ვიცი, მომკლავენო. ეს ჩვენ რომ გვცოდნოდა, სხვანაირად ვიმოქმედებდით.

ირკვევა, ეკასაც ჰქონდა კონფლიქტი მამამთილთან და დედამთილთან, თუმცა რა საკითხზე, უცნობია… ეკა სიყვარულით გათხოვდა. შაკოს ისე გაჰყვა, მისი არც სახელი ვიცოდი და არც – გვარი. წელიწადი გავიდა მას მერე, რაც გათხოვდა, მაგრამ ჩვენ, ნათესავები მის ოჯახში არ ვყოფილვართ და არც მისი ოჯახის წევრებს ვიცნობდით. ეკას მამა სულ რამდენჯერმე იყო იქ მისული. ქორწილი არ ჰქონიათ. ადრე რომ მცოდნოდა, ვის მიჰყვებოდა, აუცილებლად დავუშლიდი…

ეკას დეიდაშვილის – მარიამის თქმით, ამ ტრაგედიამდე 5 დღით ადრე, ეკას დეიდაშვილის მეუღლისთვის ”სკაიპში” მიუწერია, რომ ოჯახში სიტუაცია ძალიან დაეძაბა, მაგრამ რას გულისხმობდა ამაში, არ დაუკონკრეტებია. 
მარიამი:

– ეკა ერთი პერიოდი თბილისში ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან ნიჭიერი, თბილი, კეთილი გოგო იყო. დამთავრებული ჰქონდა ფარმაცევტული ფაკულტეტი. გვინდოდა, სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ გამოგვიცხადა, რომ შეყვარებული იყო. სურდა, ოჯახი შეექმნა და შვილები გაეზარდა. მომავალი მეუღლე ინტერნეტით გაიცნო და ხშირად საუბრობდნენ ”სკაიპით”. როცა გავიგეთ, შაკო ცოლს გაცილებული იყო, მთელი სანათესავო ამ ქორწინების წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. მის სახლში ერთხელაც არ ვარ ნამყოფი.

შვილი რომ შეეძინა, დავურეკე და მივულოცე. ბედნიერი ჩანდა… როგორც ჩანს, შაკო ეჭვიანი იყო, – როცა ეკას ვურეკავდით, აუცილებლად გამოიკითხავდა, ვის ესაუბრებოდა მისი ცოლი… დედამთილთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონია. ის ქალი თურმე შვილზე ფანატიკურად იყო შეყვარებული და რძალზე ეჭვიანობდა.

იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცით, გამოძიების შედეგებს ველოდებით. როგორც ამბობენ, დანაშაული გამთენიისას, 6 საათზე მოხდა და როცა ეკა მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიყვანიდან 45 წუთში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი 10 საათზეა დაფიქსირებული… საინტერესოა, ამ დრომდე რატომ არ გადაიყვანეს ეკა საავადმყოფოში.

კვირის პალიტრა