ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – Prime Meridian of Wine, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა, „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ – Hollywood International Independent Documentary Awards – ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში.

ფილმის დაჯილდოება 24 მარტს ჰოლივუდში გაიმართა.

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი“ – შალვა ხეცურიანი, „საუკეთესო სცენარის ავტორი“ – თამარ ბართაია, „საუკეთესო რეჟისორი“ – ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ – მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ – რევაზ ხეცურიანი.

ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო საერთაშრისო ფესტივალებზე. ფილმის პრემიერა თბილისში, 19 ივნისს “სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის“ ფარგლებში გაიმართება.

ფილმი გადაღებულია „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018