,,როცა შვილებს დედა ენატრებათ, მთხოვენ, სასაფლაოზე წავიყვანო… ავარიაში ჩემს თავს ვადანაშაულებ…” – მინდია ჯანაძის ტრაგედია

2016 წლის 17 იანვარს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოავარია მოხდა. მანქანა, რომელშიც მამა, დედა და ორი პატარა გოგონა ისხდნენ, მოსრიალდა და გადაბრუნდა. მამა და ბავშვები გადარჩნენ, თუმცა პატარების დედა, ლია მაჭანკალაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის დროს ლიზი 5 წლის იყო, თეკლა – 4-ის. მამას, მინდია ჯანაძეს, მარტოს მოუწია ცხოვრებასთან შეჭიდება და გოგონებზე ზრუნვა. როგორც იგი ამბობს, მუდმივად გრძნობს ძალას, რომელიც ეხმარება, ბავშვებს დედის მაგივრობაც გაუწიოს.

– ძველით ახალ წელს ყოველთვის ცაგერის რაიონში მშობლებთან ჩავდიოდით. ჩემი მეუღლის მშობლები ქუთაისში ცხოვრობდნენ და იქაც გავივლიდით ხოლმე… 17 იანვარს თბილისში ვბრუნდებოდით და სწორედ ამ დღეს, ზესტაფონის გზაზე მოხდა ის საშინელი შემთხვევა – მანქანა მოცურდა და ამოტრიალდა. ჩემს თავს ვადანაშაულებ, მაგრამ ბევრი რამ არც მახსოვს და ვერც ვხსნი, რა და რატომ მოხდა. მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრა.

ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მაგრამ სულ მგონია, რომ ჩემ გვერდითაა, აქ ტრიალებს და ჩვენზე ზრუნავს. ლიკა სულ მსაყვედურობდა ხოლმე, ნუ ეწევი, ნუ სვამო… მისი გარდაცვალების შემდეგ სიგარეტსაც დავანებე თავი და ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სიცოცხლეში ვერ შევუსრულე. გვიანია, მაგრამ თავს ამით ვიმშვიდებ. საოცარი გოგო იყო. სულ თვალებში მიყურებდა, რომ რამე ესიამოვნებინა, ერთი წყენაც არ მახსოვს მისგან…

– შვილებს ახლა მარტო უვლით?

– დედაჩემი მეხმარება. ჩამოვიდა სოფლიდან და ახლა ჩვენთან ცხოვრობს. ერთი წლის წინ მამაჩემიც გარდაიცვალა. დედა პროფესიით მათემატიკოსია, წლების განმავლობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა და ბავშვების ფსიქოლოგიასა და განათლების საკითხებში კარგად ერკვევა. ლიკას სიცოცხლეშივე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში უნდა ესწავლათ ჩვენს შვილებს და იქ შევიყვანე. ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი და თანდათანობით ვასრულებ ჩვენს ჩანაფიქრებს.

– ბავშვებმა როგორ გადაიტანეს ეს ამბავი?

– ძალიან რთულად. დღემდე იხსენებენ დედის ამბებს და ყვებიან. როცა ძალიან მოენატრებათ, მთხოვენ, სასაფლაოზე წავიყვანო. ვზივართ ხოლმე იქ, ველაპარაკებით, სანთლებს ვანთებთ, ვმღერით… ლიკა საოცრად თბილი ადამიანი იყო და ჩემი შვილებიც ასეთები არიან. მე ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ დედა ბავშვისთვის მაინც სულ სხვაა… ვცდილობ, დედაც ვიყო მათთვის, მაგრამ არ გამომდის. როგორც დედამისს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ, ჩემთან ისე მაინც ვერ არიან. ვბან, ვეფერები, ტანსაცმელსაც მე ვუცვლი…

ორი წელი ვერ ვმუშაობდი, სულ ამათ ვუვლიდი, სკოლაში მიმყავდა, მომყავდა… მერე ფინანსურად გამიჭირდა და აუცილებელი გახდა მემუშავა. 4 თვეა, დედაჩემს დაჰყავს სკოლაში ბავშვები. რა მაძლევს ამხელა ენერგიას, რომ ყველაფერს გავუმკლავდე, არც ვიცი. რამდენ რამესაც ახლა ვაკეთებ, ამის ნახევარს ვერ ვაკეთებდი მანამდე. აშკარად ვგრძნობ, რომ ამ ყველაფერში რაღაც ძალა მეხმარება, თორემ, ჩვეულებრივ სიტუაციაში შეუძლებელია ადამიანმა ამდენი შეძლოს. ბაზართან მაქვს შეხება და დილაადრიან მივდივარ, ფიზიკურადაც მიწევს მუშაობა…

– როგორ სწავლობენ ბავშვები?

– კარგად სწავლობენ, ძალიან ყოჩაღები არიან. ავარიის დროს თეკლაც დაშავდა. კატასტროფის მანქანით გადმოვიყვანეთ მაშინ ქუთაისიდან თბილისში და სამი კვირა გაუნძრევლად იწვა – ქალა-ფუძის ძვალი ჰქონდა გაბზარული. ავარიის დროს თეკლა უკანა სავარძელზე, შუაში იჯდა. ლიკა მიტრიალებული იყო და ელაპარაკებოდა. მანქანა რომ მოცურდა, ბავშვი წინ გადმოვარდა და დაიმტვრა… ახლა კარგადაა და ამით ვცოცხლობ. ღამე სამჯერ მაინც შევდივარ მათ საძინებელში, რომ დავხედო, როგორ არიან… ძალიან ცელქია თეკლა და რამეს რომ იტკენს, ძალიან ვნერვიულობ. ახლა ცოტა გადამიარა, თორემ სულ დაძაბული ვიყავი.

ამ სახლში, სადაც ლიკასთან ერთად ვცხოვრობდი, თავიდან ვერ შემოვდიოდი და თვეების განმავლობაში ჩემს ძმასთან ვცხოვრობდი გლდანში. იქ შევიყვანე ბავშვები საბავშვო ბაღში. ვფიქრობდი, გამეყიდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ლიკას ეს ადგილი. ერთად ყოფნისას ვიყიდეთ ეს ბინა საბურთალოზე და ამიტომ, ვეღარ შეველიე. სულ მგონია, რომ აქვეა და ლოცავს თავის შვილებს. ეკლესია მომეხმარა, რომ ტკივილი ცოტა შემმსუბუქებო.

ეტალონი.ჯე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018