ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4 მამაკაცი ცოლებმა გამოაშვებინეს – რა ხდება გორში

გორის სასამართლომ ერთ კვირაში ოთხი პირი გაამართლა, რომელთაც, ოჯახურ ძალადობის მუხლით, ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა განუცხადეს.
მათი განმარტებით, საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს.
ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სახეზეა პირის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორე კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.
– ერთ-ერთ საქმეზე, მაგალითად, მეუღლეებს დავა ჰქონდათ შვილის თაობაზე, კონკრეტულად, ქონების განაწილების კუთხით. ქალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში იმ მიზნით, რომ მეუღლეს რაღაც გარკვეული ქმედება, (არა ცემა) არ განეხორციელებინა. ამ ერთი კონკრეტული ზარის მიხედვით, მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, წაუყენეს ბრალი, რაც საკმაო შეუსაბამობა იყო რეალურად არსებულ სიტუაციასთან, – აცხადებს ნოდარ ცინცაძე.
იგივეს აცხადებს ადვოკატი ნინო შავშვილი, რომლის კლიენტი, გამამართლებელი განაჩენით, გათავისუფლდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა ია მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებულ ქმრებს დამცველებად ისევ ცოლები ევლინებიან: ,,ბატონო მოსამართლე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ცოლები თავიანთ ქმრებს აღარ უჩივიან სასამართლო პროცესზე განხილვის დროს.” – განაცხადა ია მეფარიშვილმა.
გორის სასამართლოში, 2018 წლის  12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, 16 მამაკაცი, ოჯახის წევრის ცემისა და ძალადობის ბრალდებით, წარდგა. უმრავლესობას გირაო აქვს შეფარდებული.
იურისტების აზრით, პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები.
,,სასამართლოები კვლავ ხარვეზებით მოქმედებენ და ზოგჯერ ბრალდებულებს უფარდებენ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს. წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე.” – აღნიშნულია საქართველოს იურისტთა ასოციაციის ანგარიშში.
 ქართლი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018