დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ავარიაზე: ,,ოპერატორმა დაუშვა შეცდომა”

გუდაურში ძაბვის ვარდნა და ოპერატორის არასწორი ქმედებაა ის მიზეზები, რამაც გუდაურში საბაგიროს ავარია გამოიწვია, ნათქვამია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 მარტს გუდაურში საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, 18 მარტს საქართველოს ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის” დამოუკიდებელი ექსპერტები ეწვივნენ.

საექსპერტო კვლევებში საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმაიერის” წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ბიურო ვერიტასის” საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის პირველადი ვერსია გაასაჯაროვა.

დასკვნის მიხედვით, უსაფრთხოების წესები სრულად იყო დაცული, თუმცა ადგილი ჰქონდა ოპერატორის შეცდომას, კერძოდ, მან ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები.

-„საძელეზე” ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. ოპერატორს უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართული იყო, პერიოდული ინსპექტირება დროულად უტარდებოდა, უფრო მეტიც, 2017 წლის 22 დეკემბერს განხორციელებული ინსპექტირებაც კვალიფიციურად ჩატარდა.

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარი ფაქტის კომენტირებისას საბაგირო გზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი გააფრთხილა, რომ დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯიან. პრემიერმა ასევე პირობა დადო, რომ დამსვენებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული და სამთო-სათხილამურო კურორტების კუთხით ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მიადგება.

 

გუდაურში მომხდარი ფაქტთან დაკავშირებით, თანამდებობები დატოვეს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ. ამასთან, უფლებამოსილება შეუჩერდა იმ ოპერატორს, რომელიც ინციდენტის მომენტში „საძელეს” მართავდა.

 

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, გუდაურის საბაგიროზე ავარიის დღეს კომპანიის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ყოფილა.

-16 მარტს, საბაგიროს ავარიის დღეს ძაბვის ვარდნა ჩვენს ქსელში არ მომხდარა. დასკვნით გაირკვა, რომ ძაბვის ვარდნა „მთის კურორტების განვითარების” კომპანიის ქსელში მოხდა, რომელსაც თავისი ტრანსფორმატორი აქვს. როგორც ვიცით, იქიდან მარაგდება საბაგიროები გუდაურში”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

გუდაურში მომხდარი ავარიის შედეგად  დაშავებულთა შორის უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის უკრაინელი, რუსი და შვედი ტურისტები იყვნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაშავებულებს შორის იყო ორსული ქალიც, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018