გიორგი მარგველაშვილი: ,,ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას” – პრეზიდენტმა ცოლ-შვილის ფოტო გამოაქვეყნა

დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერ ,,ჭრელი წინდების” აქციას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახი შეუერთდა.

,,ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა!” -დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში და მეუღლის, მაკა ჩიჩუასა და შვილის, თემო მარგველაშვილის ფოტო გამოაქვეყნა.

ერთი წყვილი ჭრელი წინდის შეძენით შეგიძლიათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დაეხმაროთ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში დღეს შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

“საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს  უკვე მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

21 მარტი ­ 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. ­ დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018