როგორ გავითეთროთ კბილები

როგორ გავითეთროთ კბილებიკბილების გათეთრება შეიძლება როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაში, ასევე დამოუკიდებლად.

კბილების გათეთრების ყველა პროცედურა პირობითად 2 ტიპად იყოფა: ქიმიური და მექანიკური. პირველ შემთხვევაში გამოიყენება რეაგენტი, რომელიც მინანქრის შიგნით ორგანულ პიგმენტს შლის და რამდენიმე ტონით ათეთრებს. მექანიკური გათეთრება ნაკლებად აგრესიულია. ის ნადების, კბილის ქვების მოცილებას ითვალისწინებს, რაც კბილებს აჯანსაღებს, ხოლო მინანქარი ერთი-ორი ტონით ღიავდება.

ულტრაბგერითი წმენდა

ულტრაბგერითი მეთოდი ესთეტიკური პროცედურა არ არის, არამედ პირის ღრუს ჩვეულებრივი პროფესიული ჰიგიენაა, რომელიც აბსოლუტურად ყველამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. ის განსაკუთრებით ნაჩვენებია მათთვის, ვინც ეწევა, წითელი ღვინო უყვარს, ყავას ხშირად სვამს, ასევე ვინც ასაკთან ერთად მინანქრის გამუქება შენიშნა. ამ შემთხვევაში ულტრაბგერების დახმარებით ექიმი არასასურველ ნადებს, ქვებს აშორებს და თქვენი მინანქარი ბუნებრივ ფერს იღებს.

კაბინეტური გათეთრება

მოცემული პროცედურა კბილებს მაშინვე 5-7 ტონით ათეთრებს. მინანქარზე ათავსებენ მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგს, რომელიც ნათურის ზემოქმედებით (ფოტოგათეთრება) ან ლაზერით (ლაზერით გათეთრება) აქტიურდება. სეანსის ხანგრძლივობა 30-დან 60 წუთამდეა. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია “თეთრი დიეტა”, ე. ი. ნებისმიერი მღებავი სასმელი და პროდუქტი – ყავა, წითელი ღვინო, შოკოლადი და სხვა, იკრძალება.

მათეთრებელი პასტები

უკანასკნელ დროს მეტად პოპულარულია მათეთრებელი პასტები – აპარატურ პროცედურებზე უფრო იაფი და ადვილად გამოსაყენებელია. დღეში კბილებს 2-ჯერ ისუფთავებთ, ისინი კი სულ უფრო და უფრო თეთრდება. როგორ?

თითქმის ყველა ასეთი პასტის შემადგენლობაში შედის აბრაზიული ფხვნილი, რომელიც თქვენ კბილებს ზუმფარასავით ხეხავს. ნადები ნამდვილად შორდება და მასთან ერთად მინანქარი ცვდება, რაც კბილების მგრძნობელობას ზრდის. თუ მაინც გადაწყვიტეთ, კბილები პასტის დახმარებით გაითეთროთ, ის არა – მუდმივად, არამედ კურსობით გამოიყენეთ. კონსულტაციისთვის წინასწარ ექიმს მიმართეთ.

ხალხური საშუალებები

ხალხური საშუალებების გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ შეიძლება. შეარჩიეთ რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

1-2 აბი აქტიური ნახშირი დაფქვით, წინასწარ წყალში დასველებული ჯაგრისი მასში ჩაყავით და კბილები გაისუფთავეთ.

კბილები მშრალი რძით გაიხეხეთ. უბრალოდ ჯაგრისზე კბილის პასტა მოათავსეთ და მშრალი რძე მოაფრქვიეთ. შემდეგ პირში წყალი გამოივლეთ.

1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, კბილის პასტა და 2-3 წვეთი ლიმონის წვენი აურიეთ, კბილებზე წაისვით და 1 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ პირში წყალი გამოივლეთ.

1/2 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ და კბილების გაწმენდის წინ პირში გამოივლეთ.

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზ ანადუღარ თბილ წყალში გააზავეთ, შიგ ბამბის დისკი დაასველეთ და კბილებზე წაისვით. შემდეგ წყალი გამოივლეთ.

შენიშვნა: კბილების გათეთრებას უკუჩვენება აქვს: ფეხმძიმობა, კბილების მომატებული მგრძნობელობა, მინანქრის დეფექტები, ღრძილების დაავადებები, კარიესი და პლომბები, შაქრიანი დიაბეტი.

“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ