ინეს ფარფალია-მედეა კვაშილავა: “დედამ ვერავისთვის გაიმეტა ჩემი თავი…” – მსახიობის ლეგენდარული ელარჯის საიდუმლოება

ინეს ფარფალია-მედეა კვაშილავა: "დედამ ვერავისთვის გაიმეტა ჩემი თავი..." - მსახიობის ლეგენდარული ელარჯის საიდუმლოებაინესის როლის შემსრულებელმა “ჩემი ცოლის დაქალებიდან” თავის ინდივიდუალურობით მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა… ქალბატონი მედეა კვაშილავა თავად გვესაუბრება, როგორ აღმოჩნდა ამ როლზე. აღმოჩნდა, რომ მის მიერ მომზადებული ელარჯი და ხარჩოც მართლაც საქვეყნოდ ყოფილა განთქმული. ქალბატონმა მედეამ მეგრული კულინარიის საიდუმლოებებიც გაგვიმხილა.
–  ფილმში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ცხოვრებაში მსახიობობაზე არ მიფიქრია… განათლებით პედაგოგი გახლავართ, უცხო ენები მაქვს დამთავრებული. ადრე სკოლაში ვმუშაობდი. წარმოშობით ჩხოროწყუდან ვარ და იმავე რაიონში ვიყავი სასწავლო ნაწილი სკოლაში… ამჯერად თბილისში, ვერაზე ვცხოვრობ.
დასაფლავებაზე მნახეს და შემომთავაზეს, კასტინგი გამევლო. შემდეგ დამირეკეს, მივედი კასტინგზე, სადაც უამრავი ქალი იღებდა მონაწილეობას და გავიმარჯვე. რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ ისე ამირჩია, მანამდე საერთოდ არ ვცნობდი… გაგიკვირდებათ და გადაღებაზე საერთოდ არ დავძაბულვარ. უცებ მოვერგე ჩემი გმირის როლს… ვგიჟდები თათული დოლიძეზე. უბრწყინვალესი ქალია და ძალიან განვიცდიდი, მისთვის რომ უხეშად უნდა მიმემართა ფილმში. წინასწარ ბოდიში მოვუხადე… თვითონ საშინელი როლი აქვს, მაგრამ უნიჭიერესი მსახიობია და მსახიობის ბედიც ეგ არის, ყველა როლს უნდა მოერგოს!

–  ასეთივე მკაცრი და ძლევამოსილი ხართ რეალურ ცხოვრებაშიც?

–  არა! ბუნებით ძალიან კეთილი ვარ! დედა მყავდა ძალიან მკაცრი. უმკაცრესად გვზრდიდა… ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მართლა დიდი გამართლებაა ამ როლზე რომ მოვხვდი.

ისეთი ამბავია ატეხილი, გაოგნებული ვარ. ვინ აღარ მწერს ფეისბუკზე, ყველა ქვეყნიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობ, “ჩემი ცოლის დაქალების” გვერდიც სავსეა ინესზე კომენტარებით… როგორც მოგახსენეთ, დედა იყო ძალიან მკაცრი და მაგას მწერენ, დედაშენი გააცოცხლე, ყველას თვალწინ დაგვიდგა მისი სახეო… სკოლაში მეც ძალიან მკაცრი ვიყავი. ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო! ვერ ვიტან ტყუილს! ყველა გასაჭირში დავუდგები ადამიანს გვერდით, თუ მასში სიკეთეს დავინახავ!

–  ოჯახი გაქვთ?

–  არ ვარ გათხოვილი. 63 წლის ვხდები უკვე და რაღა დროს ჩემი გათხოვებაა…

–  როგორია დღეს თქვენი ცხოვრება?

–  ძირითადად თბილისში ვცხოვრობ მაგრამ როგორც კი გამოვიზამთრებ, ჩხოროწყუში მივდივარ. იქ თხილები მაქვს და იმდენს ვმუშაობ, მართლაც ჩემი გმირი ინესივით ვარ! როგორც ინესი ტრიალებს ციბრუტივით მარტვილში, ისე ვტრიალებ მე ჩხოროწყუში! ძალიან ლამაზი ეზო მაქვს, ბოსტანი და ყველაფერი გაწკრიალებული!
გარკვეული წლები რუსეთში ვცხოვრობდი. ჩემი ძმა ცხოვრობს მოსკოვში და თავად ჯერ არ მივდიოდი არეულობის წლები რომ დაიწყო… ჩემი სოფლიდან მეორე სოფელში ვმუშაობდი და ფეხით მიხდებოდა კილომეტრების გავლა. რამდენჯერ ურემზეც ვმჯდარვარ გვიანობამდე როცა ვრჩებოდი სკოლაში. კი მრცხვენოდა ბავშვების, ურემზე დამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა… შემდეგ ძმის დაჟინებული მოთხოვნით გადავედი მოსკოვში საცხოვრებლად. დედა რომ მოხუცდა და ავად გახდა, ერთადერთი ქალიშვილი ვყავდი და დედას გამო ისევ დავბრუნდი. 93 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა, მესამე წელია აღარ მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე… მკაცრი ქალბატონი იყო, მაგრამ არაფერს გვაკლებდა და ყველაფერს აკეთებდა, ჩვენ რომ კარგად ვყოფილიყავით, მე რომ ნამდვილი ქალბატონი დავმდგარიყავი… ვერ გამათხოვა, ვერავისთვის გაიმეტა ჩემი თავი, ყველას იწუნებდა… ასეთი მსუქანი კი არ ვიყავი, ახლა რომ ვჩანვარ ეკრანიდან. ძალიან გამხდარ და კარგი გოგო ვიყავი.

–  მართლა აკეთებთ გამორჩეულ ელარჯს და ხარჩოს?

–  დიახ! ცხოვრებაშიც ჩემი გაკეთებული ელარჯი და ხარჩო განთქმულია! ფეისბუქზე დავდე ჩემს მიერ გაკეთებული ელარჯის ფოტო თუ რამხელაზე იწელება და უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა… ელარჯს ახლად ამოყვანილი ჭყინტი ყველით ვაკეთებ და უფრო გემრიელია! უმეტეს შემთხვევაში სულგუნით აკეთებენ, მაგრამ მე ასე ვამჯობინე… ღერღილს ძალიან კარგად გავრეცხავ, თეთრი, ქათქათა უნდა იყოს, ერთი შავი წერტილი არ უნდა ჰქონდეს არსად! შემდეგ ჩავზილავ თეთრი ფქვილით და კარგად რომ მოიშუშება, დაჭრილ ჭყინტ ყველს ჩავყრი და დიდხანს კარგად ვზილავ… ჩვენებური ჩოგანი გვაქვს და თეფშზე ჩოგანით რომ ამოვიღებ, ყველა სულმოუთქმელად ელოდება დააგემოვნოს…
რაც შეეხება ხარჩოს, სხვადასხვანაირად ვამზადებ. ძირითადი საიდუმლო ის არის, რომ სუნელებს ყოველთვის სოფელში ვყიდულობ. თქვენს ხელზე უნდა მოირგოთ ყველაფერი! მე მაგალითად ტომატს არასოდეს ვამატებ. თავად ვაკეთებ სახლში პომიდორს, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ახალივით არის და ხარჩოს ეს პომიდორი ძალიან უხდება. არაჩვეულებრივი არომატიც აქვს. ახალ ქინძსაც ვამატებ…
ყველას ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს ფილმში გამოჩენას მოჰყვა!
მანანა გაბრიჭიძე, მშობლები