ბექა გოჩიაშვილმა და ანა ხერხეულიძემ ხელისმომკიდედ ნიკა რურუა წაიყვანეს

ბექა გოჩიაშვილმა და ანა ხერხეულიძემ ხელისმომკიდედ ნიკა რურუა წაიყვანესჯაზმენმა, პიანისტ-იმპროვიზატორმა, 22 წლის ბექა გოჩიაშვილმა, ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ანა ხერხეულიძეა. ცოტა ხნის წინ ბექამ იუსტიციის სახლიდან ქორწინების მოწმობის ფოტო და სურათი გამოაქვეყნა სიტყვებით: “დღეს განსაკუთრებული დღეა! მე და ანამ ხელი მოვაწერეთ – დედაჩემის დაბადების დღეა!”.

ბექა და ანა ხერხეულიძე 4 წელი შეყვარებულები იყვნენ. ისინი ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, მაგრამ ხელის მოწერა საქართველოში გადაწყვიტეს.

ბექა “გრემის” მფლობელ მუსიკოს სტენლი კლარკის ჯგუფში უკრავს და ძალიან ხშირად აქვს გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვან მუსიკალურ ღონისძიებებში მონაწილეობს. ბექას ანაც ხშირად დაჰყვება გასტროლებზე.

იუსტიციის სახლიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე, ახალდაქორწინებულთა გვერდით, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუაც არის აღბეჭდილი. აღმოჩნდა, რომ ის ხელისმომკიდეა. “სარკეს” სწორედ მან უამბო ახალგაზრდა წყვილის შესახებ:

– ხელი მოაწერეს, ჯვრისწერა ჯერ არ ყოფილა, ხელისმომკიდე ვიყავი. კიდევ ერთი ქართული ოჯახი შეიქმნა და მინდა, წარმატება, ბედნიერება, გამრავლება ვუსურვო. ანაც და ბექაც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები და ქართველები არიან. მინდა, რომ ბედნიერი, მტკიცე და მეგობრული ოჯახი ჰქონდეთ. ყველაფერთან ერთად, ოჯახი მეგობრობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთისთვის როგორც ახლა არიან მეგობრები, ასე იყვნენ 50 წლის შემდეგაც.

– დამწყები პიანისტი ბექა თავიდანვე თქვენი მფარველობის ქვეშ იყო. წლების განმავლობაში ისე დაახლოვდით, რომ მისი ხელისმომკიდეც გახდით?

– კი, ძალიან დავახლოვდით. ჩვენ ყველანაირად ძალიან ახლობლები ვართ. როცა გავიცანი, 10 თუ 11 წლის იყო, ახლა 21 წლისაა. მთელი ეს წლები საქმიანი ურთიერთობაც გვქონდა, მეგობრულიც, შემოქმედებითიც. საერთოდ, ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

– ასაკობრივი სხვაობა არ იყოს ხელისშემშლელი?

– როცა მეგობრობას ეხება საქმე და როცა საერთო ინტერესები არსებობს, ასაკი აბსოლუტურად არაა მნიშვნელოვანი. ჩემზე 50 წლით უფროს ადამიანთანაც მიმეგობრია და 30 წლით უმცროსთანაც. მეგობრობას ასაკი არ აქვს.

– ბექას წარმატებაში თქვენც მიგიძღვით წვლილი. როგორია თქვენი თვალით დანახული ვირტუოზი მუსიკოსი, რა თვისებებით გამოირჩევა?

– ბექა უნიჭიერესია, ამომავალი ვარსკვლავია მსოფლიო ჯაზის სცენაზე. მის პიროვნებას რაც შეეხება, ძალიან შრომისმოყვარეა, ნამდვილი ქართველი, ნამდვილი კახელი, გულღია და მოსიყვარულე, თბილი ადამიანია.

ბექამ დაახლოებით ერთი წლის წინ თავის რჩეულზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

“ჩემი შეყვარებული ქართველია, თუმცა ამსტერდამში ცხოვრობს. ხშირად მაქვს ტურები ევროპაში, ამიტომ ურთიერთობაც კარგად გამოგვდის. საქართველოშიც ვიყავით ჩამოსული და საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად.

სიყვარულის გარეშე მუსიკოსი ვერ იქნება მუსიკოსი, რადგან სწორედ ესაა მთავარი. ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედებაც ხომ სწორედ იმას ეძღვნება, რამაც მისი გონების “ოკუპაცია” მოახდინა.

რა თქმა უნდა, ურთიერთობამ არ უნდა გამოიწვიოს შემოქმედებითი უკუსვლა, თუმცა ჩემგან ეს ყველაფერი ძალიან შორსაა, რადგან მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ურთიერთობებში”.

ბექას გოჩიაშვილის ბიოგრაფია საკმაოდ შთამბეჭდავია. მან 3 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 4 წლის ასაკიდან პედაგოგებთან მეცადინეობდა.

დიდი ხნის განმავლობაში ბექას არსებობა მხოლოდ ჯაზის მოყვარულთა ვიწრო საზოგადოებამ იცოდა, სანამ 2008 წლის ივნისში თბილისს საქმიანი ვიზიტით კონდოლიზა რაისი არ ეწვია.

შეხვედრის შემდეგ ის სადილად ერთ-ერთ რესტორანში მიიწვიეს, სადაც ბექას უნდა დაეკრა. ორი-სამი აკორდის აღების შემდეგ კონდოლიზა ახალგაზრდა პიანისტის ნიჭით აღფრთოვანდა – თავადაც პროფესიონალი მუსიკოსია და ბექას შესაძლებლობები არ გამოჰპარვია.

მოგვიანებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბექა გოჩიაშვილი ყველაზე ნიჭიერი ჯაზმენია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია და მისი ეს ნათქვამი დამწყები მუსიკოსის წარმატების კატალიზატორად იქცა.

ამას მოჰყვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩ ჯონ ტეფტთან შეხვედრაც, რომლის დახმარებითაც ჯოელ ჰარისონი – აშშ-ის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გაიცნო. ბექამ ჰარისონის გაცნობის შემდეგ ჯულიარდში სწავლა გადაწყვიტა.

ბექა გოჩიაშვილის სახელს უკავშირდება ერთი უსიამოვნო ფაქტიც. 2013 წლის 8 იანვარს ის ძმასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მაშინ ბექა 16 წლის იყო. ძმები ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაჰკითხეს. საქმე ეხებოდა ბინის ქურდობას, დაკარგული იყო 60.000 ევრო, 20.000 ლარი, 10.000 აშშ დოლარი და ოქროულობა.

მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ბინის გასაღებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის იყო ბექა გოჩიაშვილიც. მუსიკოსმა განაცხადა, რომ ის დიდი ზეწოლის ქვეშ დაკითხეს, რასაც პოლიციის განყოფილებაში უარყოფდნენ.

საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ფაქტს პოლიტიკას, ყოფილი ხელისუფლების წევრებთან მუსიკოსის ნაცნობობას უკავშირებდა. საბედნიეროდ, ეს უსიამოვნო ფაქტი ვირტუოზი მუსიკოსის წარსულში დარჩა.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”