თეა დარჩია: “სცენიდან ჩემი შვილის გამო წამოვედი”

თეა დარჩია: "სცენიდან ჩემი შვილის გამო წამოვედი" ენერგიული, ქარიზმატული მოცეკვავე თეა დარჩია  ოთხი შვილის დედაა. მას შვილებთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მისთვის მიუღებელია დედაშვილურ ურთიერთობაში თუნდაც იოტისოდენა დისტანცია.
– თუ არ ვცდები, 4 შვილი გყავთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის განცდა, როცა პირველი შვილი შეგეძინათ და პირველად აიყვანეთ ხელში? რა იგრძენით მაშინ და როგორ შეიცვალა თქვენი განცდები მეორე, მესამე, მეოთხე ჯერზე?
– როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს.

მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც – იგივე და მეოთხეზეც – იგივე, მაგრმ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, მეგობრული და უშუალო თუ თბილი, მაგრამ დისტანციური?
– მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო! არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან… თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს.
მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს.

– როგორ ახერხებთ ამას, არ გიჭირთ?
– საერთოდ არა, არც დავფიქრებულვარ ამაზე, იმიტომ, რომ ჩემი შვილები, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან. იცი, რა? თუ რამეს გაიპრობლემებ ცხოვრებაში, აუცილებლად პრობლემად გექცევა. თუ ყველაფერს ჩვეულებრივად მიიღებ, ყველაფერი “სვეცკად” და “ლაითად” გაივლის. ადამიანები თავად ვიქმნით პრობლემებს. არაფერი არაა პრობლემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.
– დედურ ინსტინქტებზე შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისტორია? როცა მაგალითად, იგრძენით, რომ ბავშვი ავად ხდებოდა ან რაღაც რიგზე ვერ იყო…
– მე არ მეგონა, თუ სცენაზე ოდესმე ცეკვის გარდა სხვა რამეზე ვიფიქრებდი… როცა ჩემი მარიამი ჩემ გვერდით აღმოჩნდა სცენაზე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა დედური ინსტინქტები. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მანდილი სწორად ჰქონდა შეკრული თუ არა, საყურე ხომ არ დაავიწყდა, ქამარი როგორ ეკეთა, მოძრაობას სწორად აკეთებდა თუ არა, იღიმებოდა თუ არა. მე საერთოდ დამავიწყდა ჩემი თავი და იქ მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი დედური ინსტინქტები მქონია.
ცეკვას თავი გავანებე და ჩემი საქმე, ანსამბლი ჩემს შვილს “გადავულოცე”… ნამდვილად არ მეგონა, ასეთი ძლიერი ინსტინქტები თუ მქონდა, იმიტომ, რომ ჩემი შვილის გამო წამოვედი სცენიდან.
– შეგიძლიათ დაახასიათოთ თქვენი შვილები, ოთხივე, რა განსხვავებები და მსგავსებებია მათ შორის?
– მსგავსება ის აქვთ, რომ ოთხივე ერთმანეთს ჰგავს და მე არც ერთი არ მგავს. მე ვარ ოფიციალურად სუროგატი დედა (იცინის). განსხვავებულები არიან ხასიათით. მარიამი და მირიანი მამას ჰგვანან ხასიათით, ჭკვიანები, მშვიდები, გაწონასწორებულები, კეთილები და წყნარები არიან. ბოლო ორი, ცხოველები არიან, მე მგვანან და მე მგონი, დავიღუპე! ჩემი ხასიათი აქვთ და ცოტა დავიძაბე (იცინის).
ჩემს შვილებს იმ წმინდანების სახელები ჰქვიათ, რომელთა ხსენების დღესაც გაჩნდნენ. მარიამი 28 აგვისტოს გაჩნდა, მირიანი მირიან მეფის ხსენების დღეს გაჩნდა, იოანა – იოანა მენელსაცხებლის ხსენების დღეს… ხოლო რაც შეეხება გაბრიელს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს მინდოდა გაჩენილიყო და ოცი დღის შემდეგ, მთავარანგელოზობას, მიქელ-გაბრიელის ხსენების დღეს გაჩნდა. ამ ოცი დღის განმავლობაში ჩემოდნით ვიჯექი და ყოველ წამს ველოდებოდი.

– მარიამი მოცეკვავეა. დანარჩენებს ხომ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევენ?
– მირიანი 15 წლისაა და ახლა გამომიცხადა, რომ უნდა გამოვიდეს მანქანის დიზაინერი და დავიღუპე, იმიტომ, რომ საქართველოში ეს სფერო საერთოდ არ არსებობს. შევხვდით ბატონ ციკოლიას და დაგვაკვალიანა.
მარიამმა 14 წლის ასაკში გამომიცხადა, ცეკვა მინდა იქ, სადაც შენ ცეკვავო, მანამდე კი ცეკვას ვერ იტანდა. ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ცეკვამაც და სუხიშვილებმაც დედა წაართვეს, ძალიან ეჭვიანობდა. როცა მივიყვანე, მითხრეს, სერიოზული მოცეკვავეა, ეს მისი საქმეაო. როცა ჩაეფლო ამ საქმეში და დაიწყო რეპეტიციები, მოგზაურობა, ჩაისუნთქა სცენის მტვერი, მერე მითხრა, ყველაფერს ახლა მივხვდი, დედიკოო.

– დედურ შიშებზე რას იტყვით? ხომ არ გაქვთ რაიმე ამოჩემებული, რაც არ გინდათ თქვენმა შვილებმა გააკეთონ?
– ძალიან არ მინდა, ჩემმა შვილებმა ოდესმე სიგარეტი მოწიონ, ნარკოტიკი გასინჯონ, ძალიან არ მინდა ჩემმა შვილებმა როდისმე გეი-აღლუმში მიიღონ მონაწილეობა, არ მინდა! მინდა ჯანსაღად, ქალი ქალი იყოს, კაცი – კაცი. მინდა იყვნენ მშვიდები, კეთილები, კაცთმოყვარეები, განათლებულები, ჯანმრთელები.
– როგორ ფიქრობთ, როგორი დედამთილი/სიდედრი იქნებით?
– სასწაული, სასწაული დედამთილი და სიდედრი ვიქნები. ოღონდაც ჩემი შვილი უყვარდეს და ჩემს შვილს უყვარდეს და თავს გადავევლები და შემოვევლები!

მერიემ კაკაურიძე, მარაო