გიორგი მახარაძემ ქიმიოთერაპიის წინ ცოტა მოიწყინა – რას ყვება “სარკესთან” გიორგის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიამ ქაცარავა

გიორგი მახარაძემ ქიმიოთერაპიის წინ ცოტა მოიწყინა - რას ყვება "სარკესთან" გიორგის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიამ ქაცარავამსახიობ გიორგი მახარაძეს თურქეთშიც იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც საქართველოში. სამწუხაროდ, თურქმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. გიორგი უკვე დაბრუნდა საქართველოში და მალე ქიმიოთერაპიის კურსს დაიწყებს. მკურნალობისთვის ფსიქოლოგიურად მზადაა, თუმცა თერაპიის კურსის ჩატარება მისი გაციების გამო რამდენიმე დღით გადაიდო. მას მთელი საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც მხურვალედ გულშემატკივრობენ, მორალურად და მატერიალურად გვერდში უდგანან.

თავად მსახიობი ამ თემაზე არ საუბრობს. “სარკეს” დეტალურად ესაუბრა მისი დეიდაშვილი, რეჟისორი მარიამ ქაცარავა, რომლისგანაც ახალი წლის წინა დღეებში საზოგადოებამ გიორგის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო.

– მარიამ, პირველი თქვენ იყავით, ვინც გიორგს დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ვიცი, ამის გამო დეიდაშვილმა გისაყვედურათ.

– ჰო, გამიბრაზდა, მითხრა, ეს რა გააკეთე, სირცხვილია ხალხის შეწუხებაო, მაგრამ მაშინ სხვა გზა არ იყო. მარტო არ მიმოქმედია, დედამისთან შეთანხმებით გავავრცელე ეს ამბავი. გიორგიმ თითქმის ყველაზე ბოლოს გაიგო, რადგან თვითონ ფეისბუქმომხმარებელი არ არის. თურქეთში იყო გასამგზავრებელი, რასაც თანხები სჭირდებოდა და ყველა გვერდით დაგვიდგა.

– ელოდით ხალხის ასეთ მხარდაჭერას?

– ნამდვილად – არა. უცებ, თანაც დიდი სიყვარულითა და გვერდში დგომით შეუგროვდა გიორგის საჭირო თანხა. ზოგი 50 თეთრს რიცხავდა, ზოგი – 1 ლარს. ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, ისე დაუდგა გვერდით. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, თითოეულს მადლობა ვუთხრა. მადლობა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა გიოს მდგომარეობა. მგონი, ასეთ ტემპში არავისთვის გაუწვდიათ დახმარების ხელი.

– როგორც ვიცი, იგივე დიაგნოზი დაუსვეს თურქეთში, რაც საქართველოში გითხრეს ექიმებმა.

– დიახ. სამწუხაროდ, მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რომელიც თურმე მამაკაცებში 37 წლამდეა საშიში. ახლა მთავარია, გამოჯანმრთელდეს, ისე კი სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, თურქეთიდან მედიკამენტები წამოიღო.

ქიმიოთერაპიის კურსს აქ ჩაიტარებს, რადგან თურქეთში ეს ძალიან ძვირი ჯდება, პერიოდულად კონტროლზე კი იქ ივლის.

– რამდენ ხანს გაგრძელდება ქიმიოთერაპიის კურსი?

– პირველი 5 დღეს გრძელდება, მერე 2 კვირა დაისვენებს და გააგრძელებს.

– როდის დაიწყებს მკურნალობას?

– უკვე უნდა დაეწყო, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს.

– რას ამბობენ ექიმები, დამაიმედებელი პროგნოზია?

– ჯერ ვერაფერს. როცა კურსი ჩატარდება, იმის მიხედვით გვეტყვიან ყველაფერს.

– თავად გიორგი როგორი განწყობით არის, ფსიქოლოგიურად როგორ გრძნობს თავს?

– ძალიან დადებითად არის განწყობილი, ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს, თუმცა ახლა უკვე ფაქტის წინაშე რომ დადგა, ცოტა მოიწყინა. ისეთი ადამიანია, რომ არასდროს მოგახვევს თავის პრობლემას თავზე. სულ კარგ ხასიათზეა და შენც არ გაძლევს მოწყენის უფლებას, სულ მასხარაობს. არ იმჩნევს თავის მდგომარეობას. ძალიან მარტივია მასთან ურთიერთობა. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

– გიორგი დედისერთააა და, როგორც ვიცი, თქვენ ერთად, და-ძმასავით გაიზარდეთ.

– ნამდვილად ასეა, ჩვენ განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობა გვაქვს. როგორც შემიძლია, მის გვერდით ვარ და ვამხნევებ.

– დეიდაშვილებს შემოქმედებითი ურთიერთობაც გაქვთ. რამდენიმე წლის წინ გიორგი ათამაშეთ თქვენს ფილმში “ზღვარი”.

– კი. ეს ფილმი დაახლოებით 3-4 წლის წინ გადავიღე. გიორგისთვის პირველი როლი იყო სრულმეტრაჟიან ფილმში. “ზღვარმა” თემატურად გაამართლა, გიორგიმაც არაჩვეულებრივად გაართვა საქმეს თავი. მაშინ თეატრალური უნივერსიტეტი ახალიდამთავრებული ჰქონდა.

გიორგი იმიტომ კი არ გადავიღე, რომ ჩემი დეიდაშვილია, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი მისი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვიყავი, გადასაღებ მოედანზე ყველაფერს კარგად გაართმევდა თავს და ასეც მოხდა.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”