”მეც გამიჩნდა კითხვები” – ზვიად მესხმა პროკურატურა დატოვა

”მეც გამიჩნდა კითხვები” - ზვიად მესხმა პროკურატურა დატოვაკლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსმა, ზვიად მესხმა თბილისის პროკურატურა დატოვა. როგორც მესხმა საგამოძიებო ორგანოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ, უბრალოდ იგი საქმის მასალებს გაეცნო. მესხის თქმით, მას რაიმე შეუსაბამობები საქმეში არ უნახავს, თუმცა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
– არანაირი კითხვა არ ჰქონიათ, უბრალოდ საქმის ვითარებაში ჩამაყენეს, გამაცნეს საქმის მიმდინარეობა. მეც გამიჩნდა კითხვები, თუმცა, კონკრეტულად ახლა ვერ ვისაუბრებ. არაფერი შეუსაბამობა არ იყო, უბრალოდ გამაცნეს ის, რაც ხდება დღეს, – განაცხადა ზვიად მესხმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 იანვარს თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს – 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს – 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს – 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი – ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30.000 ლარი შეეფარდა.

ინტერპრესნიუსი