გმირთა მოედანზე 3 კაცი დაჭრეს, ერთი მათგანი მძიმედაა – ჩხუბი რესტორანში სისხლიანი გარჩევით დასრულდა

გმირთა მოედანზე 3 კაცი დაჭრეს, ერთი მათგანი მძიმედაა – ჩხუბი რესტორანში სისხლიანი გარჩევით დასრულდაგვიან ღამით, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს. დაჭრას წინ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სისხლის დიდი დანაკარგი აღენიშნება, მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.
რა გახდა ურთიერთდაპირსპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები გამთენიამდე მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.