როგორ მზადდება იტალიური ტალიატა და ვაშლის კექსი – გურამ ბაღდოშვილის რეცეპტები

როგორ მზადდება იტალიური ტალიატა და ვაშლის კექსი - გურამ ბაღდოშვილის რეცეპტებიშეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა, რომელსაც “რუსთავი 2”-ზე კულინარიული შოუ “ჩემი სამზარეულოს წესები” მიჰყავს, ჟურნალ “სარკეს” კულინარიული რეცეპტები ჩააწერინა.

გურამ ბაღდოშვილი:

– ტალიატას (იტალიურია), ანუ დასერილი ხორცის კერძის ასე მზადდება: ავიღოთ 180 გრამი საქონლის რბილი ხორცი, დავბეგვოთ ჩაქუჩით ისე, რომ ცომის თხელ მასასავით გაიშალოს. მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი, სუნელები (ყველაფერი გემოვნებით), მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

სუნელები იმ შემთხვევაში გაუკეთეთ, თუ გინდათ, რომ ქართული გემო ჰქონდეს. თუ გსურთ, რომ ნატურალური ხორცის გემო იგრძნოთ, მარილით და პილპილით შეზავება საკმარისია. რამდენიმე სახეობის სალათის ფურცელს კარგად გავრეცხავთ და ხელით დავძენძავთ. სალათის ფოთლებით გავაკეთებთ ლამაზ თაიგულს და დავალაგებთ თეფშის ცენტრში.

შემდეგ ავიღებთ თითო-თითო წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას, ოთხ პომიდორს, ერთ ავოკადოს, ერთ თავ ხახვს, ერთ კბილ ნიორს და ძალიან წვრილად დავჭრით, შევაზავებთ ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთით. მერე ერთ მთლიან ლაიმს ან ლიმონს ჩავაწურავთ და პილპილს დავაყრით გემოვნებით. რა მწვანილიც გიყვართ, დიდი რაოდენობით დააჭერით და შეურიეთ ამ მასას.

დაბეგვილ ხორცს, სტეიკს, ორივე მხარეს შევწვავთ. დავჭრით მოგრძო ნაჭრებად, მოვათავსებთ სალათის ფურცლებზე და ორ სუფრის კოვზ გამზადებულ მასას მივუწყობთ გვერდით. ბოლოს კი მოვახეხავთ 50-70 გრამ იმ ყველს, რომელიც სახლში გეგულებათ.

მოდი, გავაკეთოთ დესერტი – ვაშლის კექსი ფენოვან ცომში. დღეს არის იმის საშუალება, რომ პირდაპირ შევიძინოთ მომზადებული ფენოვანი ცომი, გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ თეფშის ფორმაზე. ჩავდოთ კექსის ფორმაში და შევინახოთ მაცივარში.

ამასობაში კუბიკებად დავჭრათ ოთხი ვაშლი, მოვაყაროთ ერთი ჭიქა შაქარი და ტაფაზე მოვწალოთ, რომ ვაშლის კარამელიზაცია მოხდეს. დავამატებთ ცოტა ვანილს და დარიჩინის ფხვნილს, 50-50 გრამ ქიშმიშსა და ნიგოზს. ამ მასას ერთმანეთში ავურევთ, მაცივარში შევდგამთ და გავაციებთ.

მერე ამოვიღებთ 2 სუფრის კოვზს, ჩავდებთ კექსის ფორმაში და ხინკალივით მოვუკრავთ თავს. 17 წუთით შევდგამთ ღუმელში 180 გრადუსზე. ოქროსფერი რომ გახდეს, საჭიროა, კვერცხის გული გადავუსვათ. შეგვიძლია ვაშლის კექსი მივირთვათ კარამელის ნაყინთან ერთად.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”